Monday , 22 April 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » წარუმატებელი 2016 წელი – “პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა”

წარუმატებელი 2016 წელი – “პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა”

by: Category: პოლიტიკა, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on წარუმატებელი 2016 წელი – “პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა”

pia 22.09.14 2არცთუ წარმატებული – ასე აფასებენ პოლიტოლოგები 2016 წელს და ამბობენ, რომ ქვეყანას მიმდინარე წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებისათვის არ მიუღწევია. მთავარი პოზიტივი, მათი აზრით, საგარეო ასპარეზზე გვქონდა, ნეგატივი კი, რა თქმა უნდა – ეკონომიკური კუთხით.

უარყოფით მოვლენებში მოხვდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში განვითარებული პროცესები, მთავრობის ბოლოდროინდელი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, სოციალური პროგრამების შეჩერება-სახეცვლილება და ა.შ. დადებითი მოვლენების სია კი უფრო მოკლე აღმოჩნდა.

მთავარი, რაც 2016 წელს მოხდა, ჩვენი რესპონდენტების აზრით, არჩევნები იყო. მიიჩნევენ, რომ მისი შედეგები და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნისთვის უმნიშვნელო ფაქტად ვერ დარჩება.

წლის ნეგატივი

განვლილი წლის შეფასებისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ნეგატივი პოზიტივს უდავოდ სჭარბობდა. მნიშვნელოვან მოვლენად გამზარდია “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს მიიჩნევს.ამბობს, რომ ამ ძალას ფაქტობრივად წერტილი დაესვა.

ცალკე გამოყოფს ოპოზიციურ სპექტრში პარტიული ლიდერების, ცნობილი პოლიტიკოსების დროებითი შესვენების საკითხსა და არჩევნებში განცდილ მძიმე მარცხს.

რაც შეეხება მთავრობის საქმიანობისა თუ გადაწყვეტილებების სისწორეს, გამზარდია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მთავარი შეცდომა პირველ რიგში საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესი იყო – საზოგადოებისადმი ბევრი არაადეკვატური მესიჯის გაგზავნა. იგი ხელისუფლებას პიარსაც უწუნებს და დასძენს, რომ მათ ხალხამდე სათქმელი სწორად ვერ მიიტანეს. “თითქოს ხელისუფლებას მაჯისცემის განცდა გაუქრა. სხვათა შორის, “ნაციონალურმა მოძრაობამაც” მეორედ არჩევის შემდეგ განსაკუთრებით დაკარგა საზოგადოების მაჯისცემაზე კონტროლი, – ვეღარ ხვდებოდა, ვისთან და რასთან ჰქონდა ურთიერთობა და ხალხთან როგორ უნდა ელაპარაკა.

“ხელისუფლება მედიასთან მიმართებაშიც ნეგატიურად შეიცვალა. ბევრად უფრო ჩაკეტილი გახდა. ეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. დებატებზე ნაკლებად მოდიან, მედიის ცალკეული წარმომადგენლების მათთან კავშირი რთული გახდა. ესეც მათი შეცდომაა”, – მიიჩნევს გამზარდია.

უარყოფითად აფასებს იგი სოციალური შეღავათების გაუქმებაზე ორიენტირებულ პროცესსაც, აქციზის გადასახადის ზრდასა და ზოგადად, ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებს. ამბობს, რომ მთავრობა მემარცხენე პოლიტიკიდან თითქმის 180 გრადუსით შეტრიალდა და ეს შემოტრიალება 2017 წელს განსახორციელებელ გეგმებზე აისახება.

რაც შეეხება ლარის თემას, გამზარდია მას 2016 წლის ნეგატივად არ მიიჩნევს, რადგან ლარმა გაუფასურება გასულ წელს დაიწყო და ვარაუდობს, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ამ თემის აქტუალობა 2016 წელს არ ჩაბარდება.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება 2016 წლის უარყოფით მოვლენებში, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრითაც, პირველ ადგილს იკავებს. ამბობს, რომ ხელისუფლების აქციზთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც სწორედ ამგვარ მოვლენათა სიაში უნდა შევიდეს, რადგან იგი ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს – სხვადასხვა საქონელს გააძვირებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება.

გასული წელი მას მაინცადამიანც ეფექტურად არც მთავრობისა და პარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მიაჩნია. ამბობს, რომ განსაკუთრებით ლარის კურსის გამო მათ არაერთი არაადეკვატური განცხადება გააკეთეს.

“თითქოს ეროვნული ვალუტა იმიტომ გაუფასურდა, რომ ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ლარი დახარჯა. ისიც კი ითქვა, რომ კურსის დაცემა კარგიც კია, რადგან ახლა დოლარით უფრო მეტი ლარის ყიდვა შეიძლება. ასეთი მიუღებელი განცხადება ბევრი იყო.

“მოსახლეობას სათანადოდ ვერ აუხსნეს, რომ ვალუტის გაუფასურება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და რომ ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. შესაბამისად, ხალხმა ხელისუფლებისაგან ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღო.

“ამის ნაცვლად ყოვლად მიუღებელ და არაკომპეტენტურ განცხადებებს ისმენდა. ჯობია, ყველამ ყველაფერზე განცხადებები არ აკეთოს. მათ შორის პარლამენტშიც. პარლამენტი იმიტომაცაა დაყოფილი, რომ ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმუშაოს”, – აღნიშნავს ჩიტაძე. გარდა ამისა, მისი აზრით, არც დემოკრატიის კუთხით შეინიშნება დადებითი ძვრები. ამაში კი პირველ რიგში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ტოლერანტობის პრინციპს გულისხმობს. ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებსაც რიგი დარღვევები ახლდა.

საბოლოო ჯამში, მისი აზრით, 2016 წელი საქართველოსთვის არცთუ წარმატებული იყო და ეს პირველ რიგში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.

“პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეკონომიკურ მდგომარეობას ეს მაინცადამაინც არ დასტყობია.

“საგარეო ასპარეზზეც არის წარუმატებლობები. პირველ რიგში, პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთსა და აფხაზეთს და რუსეთ-ცხინვალს შორის სამხედრო ხასიათის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება, რა თქმა უნდა, პრობლემაა”, – აცხადებს ჩიტაძე.

წლის პოზიტივი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოზიტიურ მოვლენებზე, გადაწყვეტილებებსა და ფაქტებზე საუბარი ჩვენს რესპონდენტებს უფრო გაუჭირდათ. ამბობენ, რომ 2016 წელს ქვეყნისათვის არ მოუტანია ისეთი მნიშვნელოვანი წარმატება, რომ იგი კარგ წლად ჩაითვალოს.

მთავარი სიკეთეები, არჩილ გამზარდიას აზრით, საგარეო ასპარეზს უკავშირდებოდა. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციას, რომელიც გაიწელა, მაგრამ საბოლოო ჯამში დადებითად სრულდება.

მისივე აზრით, დადებითი იყო საერთაშორისო და შიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებიც არჩევნების ჩატარების კუთხით.

ამბობს, რომ ოპოზიცია ბევრ რამეს აპროტესტებს, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები დადებითად შეფასდა და იგი ყველამ ცნო. სპეციალისტის აზრით, ეს არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ქვეყნის წარმატებაა. ასევე, გამზარდიას თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია “ქართული ოცნების” მიმართ დღეს ყველაზე დადებითია, რაც კი ოდესმე ყოფილა.

“ქვეყნის საგარეო ორიენტირებისათვის წარმატებული წელი იყო, საგარეო ასპარეზზე ქვეყანა უფრო დადებითად გამოჩნდა, თუმცა შიდა ასპარეზზე წლევანდელ წელს დადებითი შედეგები არ მოჰყოლია.

“თუ დადებითი პროცესი იყო, ეს იყო იმის გაგრძელება, რასაც საფუძველი წინა წლებში დაედო. უშუალოდ 2016-ში ქვეყნისათვის და ხალხისათვის წარმატებული არაფერი შექმნილა”, – დასძენს იგი. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნიკა ჩიტაძის აზრითაც, წლის მთავარი “გამონათება” იყო. დადებით მოვლენებში იგი ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტსაც ასახელებს. “პლუსად შეიძლება ტურისტების ნაკადის ზრდა ჩაითვალოს. ჩემი ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და ეს, რა თქმა უნდა, დადებით ფაქტად უნდა განვიხილოთ,” – მიიჩნევს გამზარდია.

 

წყარო: რეზონანსი

ავტორი: თაკო მათეშვილი

Use Facebook to Comment on this Post

წარუმატებელი 2016 წელი – “პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა” Reviewed by on . არცთუ წარმატებული - ასე აფასებენ პოლიტოლოგები 2016 წელს და ამბობენ, რომ ქვეყანას მიმდინარე წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებისათვის არ მიუღწევია. მთავარი პოზ არცთუ წარმატებული - ასე აფასებენ პოლიტოლოგები 2016 წელს და ამბობენ, რომ ქვეყანას მიმდინარე წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებისათვის არ მიუღწევია. მთავარი პოზ Rating: 0
scroll to top