Saturday , 17 August 2019

უახლესი ამბები
Home » კულტურა და ხელოვნება » „ჩემი სტუდენტები ჩემთვის ისეთივე მშობლიური თემაა, როგორც ჩემი შვილების თემა, მე თითოეულ მათგანში ვხედავ ჩემს თავს“

„ჩემი სტუდენტები ჩემთვის ისეთივე მშობლიური თემაა, როგორც ჩემი შვილების თემა, მე თითოეულ მათგანში ვხედავ ჩემს თავს“

by: Category: კულტურა და ხელოვნება, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი, სტუდენტური Comments Off on „ჩემი სტუდენტები ჩემთვის ისეთივე მშობლიური თემაა, როგორც ჩემი შვილების თემა, მე თითოეულ მათგანში ვხედავ ჩემს თავს“

3სხვანაირი არჩილ გამზარდია. აპოლიტიკური ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან,  საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტთან – არჩილ გამზარდიასთან.

– დავიწყოთ მოდით თქვენი ბავშვობიდან, როგორი იყავით ბავშვობაში და რაზე ოცნებობდით ?

– ბავშვობაში ძალიან გულჩვილი ვიყავი, როგორც მახსოვს, მიყვებიან, რომ მიტირია გამხმარი ფოთლის ჩამოვარდნის გამო და ძალიან მგრძნობიარე ვიყავი. პატარაობიდან მაინტერესებდა ისეთი თემები, როგორიცაა ასტრონომია, ადამიანის ცხოვრება, ბავშვობიდან მაწუხებს ასთმა და ამიტომ ხშირად ყოფილა, რომ შეტევის მერე დილამდე აივანზე ვყოფილვარ, დედაჩემის კალთაში თავჩადებული და ვლაპარაკობდით, რომ ლაპარაკში ჩამძინებოდა, ვუყურებდი ცას, ვარსკვლავებს და მათი ცხოვრებით ვინტერესდებოდი, დედაჩემი მიყვებოდა ბევრ რამეს და მეც , როგორც ბავშვების უმეტესობას, კითხვები არ მელეოდა…

ძალიან სიმბოლურია, რომ ასტრონომიით გატაცება ჩემს ვაჟსაც გადმოჰყვა და მას რომ ვუყურებ, ჩემს თავს მახსენებს ხოლმე. ჩემი ბავშვობა ბედნიერ 80-ანებს მოიცავდა, როდესაც ჩვენი დიდი ოჯახი ბედნიერად და სიყვარულით ცხოვრობდა, ორივე მხრიდან მყავდა ბებია-ბაბუა და სანათესაო, შეიძლება ითქვას, ერთად ვიზრდებოდით, სიკვდილმა პირველად 1988 წელს შემოაბიჯა, ამ დროს მე ცხრა წლის ვიყავი, პირველად ვნახე დედაჩემი, რომელიც დარდისგან თოვლის ქანდაკებასავით იდგა და ამ დღის შემდეგ მალევე გარდაიცვალა ბებია, შემდეგ 90-იანები მოჰყვა და შეიძლება ითქვას, ის წლები მხოლოდ ბავშვობის სიხალასემ გადამატანინა. ამიტომ შეიძლება ითქვას, ჩემი ბავშვობა 10 წლამდე მოიცავდა უზრუნველობას, მე მახსენდება, როდესაც სასტუმრო ოთახში გავდიოდით ხოლმე მე , ჩემი და , დედაჩემი და მამაჩემი, დედა პიანინოზე დაკვრას დაიწყებდა და ვმღეროდით და ვხალისობდით მთელი ოჯახი, შაბათ-კვირას, ტრადიციულად, თეატრში მივდიოდით, ოპერაში, შემდეგ მთაწმინდის ვერანდაზე და ვბრუნდებოდით. მოგზაურობა, ოჯახი, სანათესაო, ოჯახური რომანტიკა მახსენდება 10 წლამდე, თუმცა, ეს ბედნიერი და ხალისიანი მოგონებები მხოლოდ 88-89-მდე მომყვება.

– როგორ ფიქრობთ, ბებია-ბაბუის სიკვდილმა თან წაიყოლა თქვენი ბავშვობაც ? ბავშვობა ხომ ბებია-ბაბუასთან და მათ მიერ გამოწვდილ ტკბილეულთან ასოცირდება.

– არა, ამ ფაქტორს დიდად არ უმოქმედია, მეორე ბებია-ბაბუამ უფრო დიდხანს იცოცხლეს, მე 21-22 წლის ვიყავი ისინი რომ გარდაიცვალნენ და მათთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა. უფრო 90-იანებმა იმოქმედა, 90-იანებიდან მოყოლილმა მძიმე სოციალურმა პირობებმა, ამას დაერთო ის, რომ მამაჩემს ინფარქტმა დაარტყა და დედაჩემი იძულებული გახდა, მის სიცოცხლეზეც ეზრუნა და შვილების გამოკვებაზეც, დედაჩემის ღვაწლი განუზომელია დღემდე, ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ შიმშილით სიკვდილი გვემუქრებოდა, ასევე ჩვენი ოჯახის ახლობელი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ოჯახის ფიზიკური გადარჩენის მადლი აქვს დღემდე მოყოლილი. ეს იყო უმძიმესი წლები, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა გამოიარა. ჩვენმა ოჯახმა თუ რამე იყო ოჯახში ღირებული, ყველაფერი გაყიდა, რომ ყოველდღიური პურის ფული გვქონოდა. შეიძლება ითქვას რომ მე ლამის ჭლექის საშიშროების წინაშე დავდექი. შემდეგ, შედარებით მოზრდილი უკვე, 13-14 წლის ასაკში ოჯახში მაქსიმალურად ვცდილობდი გამოდგომას, თურქული ერბოს რკინის ქილით პრიმიტიულად გაკეთებული ფეჩისათვის თბილისის ზღვის მიდამოში ტყეში დავდიოდი გირჩებისა და ტოტების მოსაგროვებლად, ერთ დღეს, ე,წ, გვარდიელები დამხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მძიმედ მცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ გირჩებს ვყრიდი ტომრებში. ამ წლებში ჩამიბარებია ბოთლებიც, დამირეცხია შამპანიურის ბოთლები, მიმუშავია დანადგარზე, რომელიც შამპანურის თავსახურის გარშემო საკრავს აკეთებდა და ა.შ. იმ პერიოდში მრავალი ჩვენგანი იბრძოდა ისე, რომ არც ბავშვობა გახსენებია და არც სიხალისე. გაკვეთილებს რიგებში ვსწავლობდი, ღამეებიც გვითევია პურის რიგში, ბევრი რამ გადაგვიტანია იმ პერიოდში თბილისის მაცხოვრებლებს, მათ შორის , მამაჩემის ჯანმრთელობის გამო, ჩვენმა ოჯახმა შეიძლებ კიდევ უფრო რთულად გაიარა ეს წლები.

– თქვენმა მოთხრობილმა დედის შესახებ გოდერძი ჩოხელის სიტყვები გამახსენა,ალბათ,თქვენც გეცოდინებათ : “სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება” . , დამეთანხმებით, ალბათ.

– კი, თუმცა, ალბათ, არსებობენ დედები, რომლებიც დედობაშიც გამორჩეულები არიან, აი, წლების მერე მე მივხვდი, რომ დედაჩემი წმინდა ადამიანია, რადგან მან თავის ცხოვრებაზე უარი თქვა და ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობს დღემდე. ეს წმინდანდებს ახასიათებთ. მე მხვდა პატივი გამორჩეული დედა მყავდეს, ასევე მხვდა პატივი, გამორჩეული მეუღლე მყავდეს და იმედი მაქვს, ჩემი შვილებიც მათ მიემსგავსება სიკეთისა და სიყვარულის უნარში.

– ბავშვობის უმეტესი წლები რთულმა პერიოდმა წაგართვათ,ალბათ, ცდილობთ მაქსიმალურად შეაგრძნობინოთ თქვენს შვილებს ეს ბედნიერი პერიოდი …

1– ჩემი შვილები, იმედია, არასდროს მსგავსს არ გამოივლიან, თუმცა, სოციალური თვალსაზრისით ჩემი შვილებიც საკმაოდ ბევრი პრობლემის ქვეშ ცხოვრობენ, ერთადერთი, რაც მათ არ აკლიათ, ეს არის სიყვარული და მეგობრობა. უფროსი მეხუთე წელშია და საოცრად საინტერესო ადამიანია, ვცდილობ, მაქსიმალურად მეგობრები ვიყოთ და გახსნილი ურთიერთობა გვქონდეს. იგრძნოს მუდმივი სიყვარული, ხედავდეს ერთმანეთზე შეყვარებულ მშობლებს. ვფიქრობ, ეს ხერხდება კიდეც. შესაძლოა, ჩემს შვილებს არ ჰქონდეთ ბევრი სათამაშო, შარვალი, იძინებდეს ძველ, ნახევრად მოშლილ ტახტზე და საკუთარი კუთხეც არ ჰქონდეს სახლში ფართის სიმცირის გამო, მაგრამ მათ ჰქონდეთ უზომო და უთვლელი სიყვარული, ფერება და პატივისცემა.

– ძალიან კარგი, თქვენს სტუდენტებზე რას იტყვით , თუ ყოფილა შემთხვევა , რომელიმე მათგანში საკუთარი თავი დაგილახავთ?

4– ჩემი სტუდენტები ჩემთვის ისეთივე მშობლიური თემაა, როგორც ჩემი შვილების თემა. რას ჰქვია, თუ ყოფილა შემთხვევა, მე თითოეულ მათგანში ვხედავ ჩემს თავს. ეს არის საოცარი პატივი, გქონდეს ურთიერთობა ახალგაზრდებთან. აგერ, 9 წელია უკვე ლექტორი ვარ და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახის შემდეგ თუ ოჯახთან ერთადაც კი ჩემი სტუდენტები არიან. მე მგონია, რომ მასწავლებელი ვერ იქნები, თუ შენი სტუდენტი შენს თავზე მეტად არ გიყვარს, ეს სრულიად სხვა საზომია, უცნობი ადამიანიც კი უნდა გერჩიოს საკუთარ თავს, როცა ის შენი სტუდენტია. შენ მათ მეტ პატივს უნდა სცემდე ვიდრე საკუთარ თავს და მეტი გემეტებოდესმ ვიდრე საკუთარი თავისთვის. ვამბობ ხოლმე, რომ ლექტორობა-მასწავლებლობა ყველაზე ქრისტიანული პროფესიაა-თქო, რადგან შენ მუდამ ზრუნავ და მუდამ გიყვარს ის, ვინც შეიძლება მცირე უკმაყოფილების გამოც კი შეგრისხოს, გაგიმეტოს.

1002710_678900612136384_286351847_nეს ასეთი ურთიერთობაა, როგორც შვილმა შეიძლება გაიმეტოს მშობელი, მაგრამ მშობელი ამ დროსაც კი შვილზე ზრუნავს, ასევეა ლექტორობაც, იმ დროსაც, როდესაც რომელიმე ახალგაზრდამ მცირე უკმაყოფილების გამო შეიძლება გამწიროს კიდეც, მე მათზე უნდა ვიზრუნო. ჩემი და ჩემი სტუდენტების ურთიერთობა – ეს არის ერთი ოჯახის, ერთი ძალიან დიდი სიყვარულის გარემო. მე დღემდე ვმეგობრობ ძველ სტუდენტებთან, ზოგიერთთან დავნატესავდი კიდეც, ჩვენ ხშირი მიმოსვლა გვაქვს ერთმანეთთან, წარმოიდგინეთ, დღესაც კი თითქმის ყოველ ლექციაზე რამდენიმე ძველი სტუდენტი მიზის ხოლმე და მერე ახალ სტუდენტებს უხარიათ, მომავალ სემესტრში ჩვენ მოვალთ საპატიო სტუმრის სახითო და ასეც არის დღემდე.

485519_665485016811277_1835725362_n– მოდით,ცოტა სახალისო თემას შევეხოთ. ვიცი ,რომ თვალყურს ადევნებთ სტუდენტების მიერ თქვენზე დაწერილ ხუმრობებს , როგორი რეაქცია გაქვთ ?

– შესანიშნავი. ყველა მათგანში სიყვარული იკითხება. მე თავად ვარ ისეთი, რომ საკუთარ თავზე ვღადაობ ხოლმე ხშირად სტუდენტებთან და რამდენჯერ ჩემივე თავზე ნათქვამი ფრაზა წაუღიათ და შარჟად უქცევიათ. ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, თუ გეტყვით, მე მგავხართ, ე.ი. გაკრიტიკებთ, ჩემზე ბევრად უკეთესები ხართ და უნდა იყოთ-თქო. ჰოდა, ვართ ასე მეგობრულად, მე ძალიან ბევრ სითბოს ვიღებ სტუდენტებისგან, ამ სიყვარულით ვსაზრდოობ, ეს შარჟებიც ამის ნაწილია, საოცარი სტუდენტები მყავს, განსაკუთრებულად ნიჭიერებიც და განსაკუთრებული სიყვარულის მქონეებიც. ყველაზე გამორჩეული სიხარულიანი დღეების მომცემები არიან. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მათ გარეშე რამე სხვა საქმე ვაკეთო, მათ ვხედავ ყოველთვის, ჩემი მთავარი ავტორიტეტები არიან.

– ხართ ადამიანი , რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს ?

– გულწრფელად გეტყვით, 25 წლამდე კი ვიყავი ასე. ჩემი ერთ-ერთი პროფესიით კვალიფიკაცია მაქვს ლიტერატორის. ადრეული წლები აქტიურად ვმუშაობდი ნოველისტიკაში, მაშინდელი ჩემი ლექტორები, ცნობილი პუბლიცისტები და მწერლები ხშირად ამბობდნენ, რომ ნიკო ლორთქიფანიძის შემდეგ არჩილი შექმნის ახალ ნოველისტიკასო… მაგრამ… მაგრამ მოხდა ისე, რომ წერასაც დავანებე თავი და გულწრფელად რომ ვთქვა, რასაც ამ ასაკის მერე 5 წელიწადში ვკითხულობ ჯამში, რამდენიმე თვეში ვკითხილობდი ადრეულ ახალგაზრდობაში. ასე, რომ … უფრო ვიყავი ადამიანი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა…

– დღევანდელ თაობას რა რჩევებს მისცემთ ?

– მე ვიტყოდი, რომ ეს თაობა ის თაობაა, რომელიც რამდენიმე წინა თაიბას ჯობს ყველაფრით, გამორჩეული თაობაა და რჩევებსაც მათგან უფრო მივიღებდი, პრინციპში, ასეც ვაკეთებ, ჩვენი ურთიერთობა ორმხრივია, ისინი მქმნიან მე და მე ვცდილობ, რაც მაქვს ის გავიღო მათ ქმნადობაში. ერთადერთი, ალბათ, რასაც ვიტყოდი, იყვნენ მაქსიმალისტები და იყვნენ მეტი შინაგანი რწმენით, ისინი ხომ ჩვენი ყველაზე საუკეთესო ნაწილია და მათ ხომ ყველაფერი შეუძლიათ.

_მადლობა ინტერვიუსთვის.
_მადლობა თქვენ .

ესაუბრა ჟურნალისტი- მარიამ ნებიერიძე.

წყარო: Newsამბები

Use Facebook to Comment on this Post

„ჩემი სტუდენტები ჩემთვის ისეთივე მშობლიური თემაა, როგორც ჩემი შვილების თემა, მე თითოეულ მათგანში ვხედავ ჩემს თავს“ Reviewed by on . სხვანაირი არჩილ გამზარდია. აპოლიტიკური ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან,  საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტთან - არჩილ გამზარდია სხვანაირი არჩილ გამზარდია. აპოლიტიკური ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან,  საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტთან - არჩილ გამზარდია Rating: 0
scroll to top