Sunday , 16 June 2019

უახლესი ამბები
Home » მედიაკომუნიკაციები » რუსული ნიუსმეიკინგი ანუ რუსული მედიაკომუნიკაციების პროპაგანდისტიკის მეთოდები და საშუალებები

რუსული ნიუსმეიკინგი ანუ რუსული მედიაკომუნიკაციების პროპაგანდისტიკის მეთოდები და საშუალებები

by: Category: მედიაკომუნიკაციები, სლაიდერი Leave a comment

AA87330E-8184-4732-8262-3374F2457782_mw1024_n_s„ჩვენ ვხედავთ ნაცისტების, ნეონაცისტების, ანტისემიტების პარპაშს, ის რაც ახლა ხდება უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის კიევში. თქვენ ალბათ ნახეთ, ერთ-ერთ გუბერნატორს როგორ მოექცნენ, როდესაც სიცივეში წყალი დაასხეს და შემდეგ სარდაფში აწამებდნენ. ეს რა არის? დემოკრატიაა ასეთი? სხვათა შორის, ეს ადამიანი ახლახან დაინიშნა გუბერნატორის თანამდებობაზე. სულ რომ ვივარაუდოთ, მთელი ხელისუფლება კორუმპირებულია, ამ გუბერნატორმა, დროის სიმცირის გამო, ალბათ ვერაფრის მოპარვა ვერც მოასწრო.“ – ეს გახლავთ ერთ-ერთი ციტატა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასებას ეხებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებები, მათ შორის კონკრეტული სიტყვითი კონსტუქციებიც პირდაპირ ირეკლება რუსულ საინფორმაციო საშუალებებში. ისინი იღებენ პროპაგანდისტული შეტყობინებების ფორმას და რეალიზდება რუსულ მასობრივ მედიაში.

მასმედია მნიშვნელოვანია იმ რანგზე, რომელზეც ის განათავსებს შინაარსს, იდეოლოგიებს და ფაქტებს (მიზეზებს), რაც განკუთვნილია მასობრივი რეაქციისათვის, ანუ, რეალური პოლიტიკური დისკუსიები ქვედა დონეზეა (მასობრივი კომუნიკაციის დონე) იმ ხარისხზე, რამდენადაც ისინი დრამატიზირებულია, დრამატურგიული ხასიათისაა, ანუ გადაიქცნენ საინტერესო და ადამიანისათვის მისაღწევ სიუჟეტებად (ჭორები, ანეკდოტები, სცენარები, მითები).

რუსული მედია, შეიძლება ითქვას თითქმის სრულად არის მიძღვნილი ამ ამოცანას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, ქმნიან ცალმხრივ პერსპექტივას, შერჩეულ სიტყვით კონსტრუქციებს ან შეტყობინებებს ისინი განუწყვეტლად და ხანგრძლივად წარმოადგენენ ნეგატიურ კონტექსტში (უბრალოდ საშინელი მოვლენების აღწერებისას და უსიამოვნო ეპითეტების გარემოცვაში), შესაბამისად, მაყურებლებს, თავიანთი პოზიციის მიუხედავად, უჩნდება უსიამოვნო შთაბეჭდილება უკრაინელების მიმართ, მაგალითად, ამ კონტექსტში პრეზიდენტი პუტინი ატრიალებს რამდენიმე ძირითად მახასიათებელს: „ექსტრემისტები, ნეონაცისტები, ნაციონალები“ და ა.შ. სწორედ ეს შეფასებები უდევს საფუძვლად რუსული საინფორმაციო კამპანიის შეტყობინებებს.

საინტერესოა რუსულ საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტური რესპონდენტების შერჩევის პრინციპიც, სპეციალური რესპონდენტების, „ქუჩიდან“ აყვანილი ადამიანების, „ადგილზე მყოფი პირების“ და ა.შ. სასურველი „საზოგადოებრივი აზრის“ ორგანიზაცია და სხვა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანი, რომელსაც სხვა განსხვავებული აზრი გააჩნია, შეუქმნან ფსიქოლოგიური მექანიზმი „თეთრი ყვავისა“, – აღმოჩნდება სხვებიც და მათი უმრავლესობა, ფიქრობენ სხვაგვარად. უთანხმოება და სხვაგვარად მოაზროვნეები შეგნებულად ან შემთხვევით არიან დაშვებულები, მაგალითად, მოჩანს „რიგითი მოქალქე“, მოისმის აღშფოთებული კომენტარი და პროტესტი ცხადდება მეიდნის მონაწილეებთან მიმართებაში. ეს მომენტი ყველანაირად თამაშდება, ხაზი ესმევა მოცემული ინფორმაციის მომწოდებელს, რომელიც „ობიექტურად“ აჩვენებს აზრთა და თვალსაზრისთა ობიექტურ სპექტრს სხვადასხვა კითხვებთან დაკავშირებით.

რუსულ მასმედიაში „უკუკავშირის“ გარკვეულ სახეს განეკუთვნება ე.წ.“ინსცენირებულ ღონისძიებათა ტექნიკა”. უპირველეს ყოვლისა, მას მიეკუთვნება მაღალი რანგის პერსონების „უბრალო ხალხთან“ ურთიერთობის მრავალნაირი ვარიანტი. „ურთიერთობა“ შესაძლებელია იყოს პირდაპირი, „გულითადი“ საუბარი ქუჩაში „შემთხვევით გამვლელებთან ინტერნეტგასაუბრება და ა.შ.) და შუამავლური (პრესკონფერენციები, მასმედიისათვის განკუთვნილი ბრიფინგები, ე.წ. ხალხთან პასუხები და ა. შ.), უმრავლეს შემთხვევაში, ე.წ. ხალხთან ურთიერთობა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კარგად რეპეტიცირებულ სპექტაკლს.

მოცემული მეთოდების განსახორციელებლად, სიუჟეტში თუ სანიუსე პერიფრაზში წარმოდგენილი შეტყობინებები, რომლითაც ცენტრალური რუსული არხებია ნაწარმოები, ცნობილი პროპაგანდისტული მეთოდებია, რაც ნიუსმეიკინგში განსაზღვრული მეთოდების სახითაცაა ჩამოყალიბებული. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

“მეიდნის აქციის მონაწილეები…” ამ სიტყვით კონსტრუქციაში რუსული მედია მიმართავს კარგად აპრობირებულ მეთოდს შეტყობინებების საწარმოებლად, ესენია: „გაურკვეველი საქმიანობის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც არსებობენ დამნაშავე ელემენტები, ალკოჰოლის მომხმარებლები და ნარკომანები… რადიკალური განწყობის მქონე ახალგაზრდები, რომელსაც ექსტრემისტული თვალსაზრისები გააჩნიათ… ნაციონალები და ნეონაცისტები“ (ეს უკანასკნელი სიტყვა-შეფასებები ვლადიმერ პუტინის მიერ არის წარმოებული და გადაცემული რუსულ საინფორმაციო საშუალებებს).

“მეიდნის აქცია ფულის მეშვეობით იმართება…” ამ სიტყვით კონსტრუქციას კი მოჰყვება მახასიათებლები: „უცხოური სპეცამსახურების, საერთაშორისო ტერორისტული ცენტრების…“ და ა.შ.

“მეიდნის აქციის მიზნებია…” რუსული მედიასაშუალებები აქაც ცნობილ მოდელებს მიმართავენ და მეიდნის მიზნებად წარმოაჩენენ: „ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა, სახელისუფლებო ორგანოების მუშაობისათვის წინააღმდეგობის გაწევა…“ და ა.შ.

ამ ნეგატიურ საიმიჯო და საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად წარმოდგენილ შეტყობინებებს მოსდევს „სასურველი რუსეთის“ აზრის გამომწვევი სიტყვითი კონსტრუქციები, მედიაში წარმოდგენილი შეტყობინებების მოხედვით, “რუსეთის სახელმწიფო…”„გვთავაზობს კონსტრუქციულ დიალოგს, იკავებს პოზიტიურ და პრაგმატულ პოზიციას, გვთავაზობს მოგვარდეს საკითხი ცივილიზებული საშუალებით, დემონსტრირებას უწევს კონსტრუქციული დიალოგისათვის მზადყოფნას, არ წარადგენს (და არც იღებს) ულტიმატუმებს, იცავს ეროვნებით რუსი მოქალაქეების ინტერესებს“ და ა.შ.

ასევეა წარმოებული მედიაშეტყობინებები რუსეთის თავდაცვითი სტრუქტურების შესაძლო მოქმედებასთან დაკავშირებით, „რუსი სამშვიდობოები…”„შეუპოვრად დაიცავენ კანონის მოთხოვნებს; იმოქმედებენ სიტუაციის ადეკვატურად; გამოიყენებენ შესაბამის ძალასა და საშუალებებს; შეეწინააღმდეგებიან დესტრუქციულ ძალებსა და ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს; საჭიროების შემთხვევაში, იძულებით დაამყარებენ მშვიდობას; რუსი ჯარისკაცები მარტოს არ დატოვებენ რუსეთის მოქალაქეებს“ და ა.შ.

ამ სიტყვითი კონსტრუქციებისა და კომუნიკაციის საშუალების ზემოქმედებისას რომელი ადამიანი მოახერხებს თავის დაცვას შესაბამისი ზეწოლისაგან. სათანადო კონსტრუქციები ასევე გამოიყენება იმისათვის, რომ საზოგადოებაში შეიქმნას სათანადო ხასიათი. გათვლა აქ მარტივია, საქმე იმაშია, რომ ადამიანთა უმრავლესობა სტერეოტიპებით აზროვნებს: “ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს”, “რადგან ასე ამბობენ, _ ე.ი. ეს ასეა”. როგორც წესი, აზრობრივი და ემოციური ეფექტების გასაძლიერებლად კლასიფიკატორებს თან სდევს ვიდეორიგები, ფაქტობრივი დამადასტურებელი სიუეჟეტები და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი ვიდეოები ან სრული მონტაჟია ან ნაწილობრივი.

ფაქტის შესახებ შეტყობინებას თან გასდევს კომენტატორის ინტერპრეტაციები, რომელიც მაყურებელს ან მკითხველს სთავაზობს ახსნის რამდენიმე საზრიან ვარიანტს. ამგვარ ფსევდოანალიტიკურ მსჯელობას ფართოდ ნახავთ ОРТ-ზე, РОССИЯ-ზე თუ რუსეთის სხვა საინფორმაციო საშუალებებში. კომენტატორის გამჭრიახობაზე და უნარზე დამოკიდებულია შექმნას აუცილებელი ვარიანტი მეტნაკლებად სიმართლის წილთან მიახლოვებული.

სპეციალისტები აცხადებენ იმასაც, რომ რუსული საინფორმაციო მედიისათვის მნიშვნელოვანია “საინფორმაციო კონფლიქტების” წინასწარ განზრახულად შექმნა. ამას მათთვის ინფორმაციულ-პროპაგანდისტული და პოლიტიკური კუთხით, მართალია მოკლევადიანი მაგრამ მაინც დივიდენდები მოაქვს. ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რუსულმა მედიამ, რომელიც საერთაშორისო მედია ორგანიზაციების წევრიც არის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მრავალი საერთაშორისო მედიასაშუალებისათვის იყო ინფორმაციის მიმწოდებელი და შემდგომ, ეს ზოგიერთ შემთხვევაში ამა თუ იმ დასკვნებშიც აისახა გარკვეულწილად. იგივე მედიასივრცეების მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრის შედეგია, რომ დღეს ზოგიერთი რუსეთის პრეზიდენტს ნობელის პრემიაზეც წარადგენს მშვიდობის დარგში.

ამჟამად, საინფორმაციო ბრძოლის ველი კიბერ სივრცეშია გადატანილი, მოცემული კიბერ ომის პირველი შემთხვევად კი, სავარაუდოდ, 2008 წლის რუსულ-ქართული ომი შეიძლება დასახელდეს, თუმცა, ეს უკვე სხვა კვლევისა და წერილის თემაა.

 

არჩილ  გამზარდია

Use Facebook to Comment on this Post

რუსული ნიუსმეიკინგი ანუ რუსული მედიაკომუნიკაციების პროპაგანდისტიკის მეთოდები და საშუალებები Reviewed by on . „ჩვენ ვხედავთ ნაცისტების, ნეონაცისტების, ანტისემიტების პარპაშს, ის რაც ახლა ხდება უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის კიევში. თქვენ ალბათ ნახეთ, ერთ-ერთ გუბერნა „ჩვენ ვხედავთ ნაცისტების, ნეონაცისტების, ანტისემიტების პარპაშს, ის რაც ახლა ხდება უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის კიევში. თქვენ ალბათ ნახეთ, ერთ-ერთ გუბერნა Rating: 0
scroll to top