Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » “რუსეთში დამპყრობლურმა მონღოლურმა სულმა იფეთქა!”

“რუსეთში დამპყრობლურმა მონღოლურმა სულმა იფეთქა!”

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on “რუსეთში დამპყრობლურმა მონღოლურმა სულმა იფეთქა!”

2014090212513211პუტინი 2008 წლის მოვლენების განმეორებით იმუქრება – რომელი ქართველები შემუძღვებიან რუსის ჯარს

“შევხვდები საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერ მინისტრს, ეს შეხვედრა შეიძლება იყოს დახურულიც და ღიაც, მაგრამ თუ შეხვედრა არ მოხდა, მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შესაძლოა, 2008 წლის ომის წინა პერიოდს დაუბრუნდეს,” – იმუქრება პუტინი. პარლამენტართა უმრავლესობა თვლის, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. მთავრობას, ქართველი ხალხისა არ იყოს, დასავლეთსა და ნატო-ზე აქვს სწორება და, პუტინის აგრესიული წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ კურსის შეცვლას არ აპირებს… ქართული პოლიტიკური სპექტრი საკმაოზე ჭრელია და უკვე ღიად გამოჩნდნენ კოლაბორაციონისტები, რუსეთუმეები და საზოგადოებაც მეხუთე კოლონის არსებობაზე დაფიქრდა… მოვლენები სწრაფად ვითარდება, სიტუაცია არასტაბილურია… ხალხი დაბნეულია, მხსნელს ეძებს და თუ რეალობა სწორად არ შეაფასა, მხსნელის ნაცვლად, შესაძლოა, მტრის ხელში აღმოჩნდეს… 1940061_738229859521007_744498889_n“ქართული სიტყვა” საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ არჩილ გამზარდიას ესაუბრა

– არჩილ, რას უნდა ელოდოს საქართველო რუსეთისგან, უფრო სწორად, პუტინისგან?

– ჰო, პუტინისაგან, თუმცა მიჭირს, პუტინსა და რუსეთს შორის ზღვარი გავავლო. არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა და არსებობს საზოგადოება, რომელიც მთავრობას ან ეთანხმება ან არა. ცალკეული პიროვნებების გარდა, რუსულ საზოგადოებაში პუტინის პოლიტიკის ობიექტურ ხედვას ვერ ვხედავთ. ჩვენ, მაგალითად, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც საზოგადოება იმაზე, რაც არ მოსწონს, ხმამაღლა ლაპარაკობს, შეუძლია, თამამად გააკრიტიკოს მთავრობა, პოლიტიკოსები, რადგან მონური ფსიქოლოგია არ გვაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რუსეთშიც იგივე ხდება. სამწუხაროდ, პუტინის იმპერიალისტური ხედვები საზოგადოების ყველა ფენაშია გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ვერ ჩამოყალიბდა თანამედროვე ხედვის საზოგადოება, საზოგადოება, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული.

– ხშირად გვსმენია აღრფთოვანებით ნათქვამი  – დიდი რუსული ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, ერთი სიტყვით, კულტურა და ამ დროს, რუსული საზოგადოება შეპყრობილია პუტინით. რა ხდება?

– ირანული პოეზიაც ბრწყინვალე და ნატიფია, მაგრამ ირანის მსოფლმხედველობა და ხედვა, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი თანამედროვე ეპოქაში, დღევანდელ ცივილურ რეალობას არ შეესაბამება. მართლაც, ღირებული არტეფაქტების მიუხედავად, რუსეთის პოლიტიკა და საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად მცდარ ორიენტირზეა აგებული და თანამედროვე ეპოქას არ ესადაგება.

– არჩილ, ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ქართულ საზოგადოებას, რუსულისგან განსხვავებით, მონური ფსიქოლოგია არ აქვს, თუმცა ჩვენშიც არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ თუკი საქართველოში რუსეთი ისევ შემოვა, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა გაუმჯობესდება, პენსიები გაიზრდება, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ა.შ. ზოგს იმისც სჯერა, რომ კატასტროფული ვარდნის მიუხედავად, პუტინი რუბლსაც მოუვლის, რუსეთსაც და საქართელოსაც. ვიღაცებს რუსეთისკენ ასეთი გაუაზრებელი და გაუცნობიერებლი ლტოლვა რატომ აქვთ?

– ერთადერთი დადებითი, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, ის იყო, რომ რიგითი ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნები დაკმაყოფილებული გახლდათ. მშიერი არ იყო და ობივატელს მეტიც არ უნდოდა. დღევანდელი რუსეთი საბჭოთა მეტაფორასა და მითებთანაა ასოცირებული.

მითი პირველი: რუსეთი ყველაზე “კრუტოია”, “დაუმარცხებელია”, “მას არ უნდა ეომო”, თუმცა საქართველოს ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენზე მრავალრიცხოვანი მტერი არაერთხელ დაგვიმარცხებია.

მითი მეორე: “რუსეთი ძლიერია და იმის დაბრუნება, რაც წაგვართვა, მხოლოდ მასვე შეუძლია”. ამიტომ ის ადამიანებიც კი, რომლებსაც რუსეთი გულზე არ ეხატებათ, მხოლოდ რუსეთის “კეთილ ნებაში” ხედავენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შესაძლებლობას.

მითი მესამე, ანუ ფსევდორელიგიური საფუძვლები: ზოგიერთ ქართველს ჰგონია,  რომ “მართლმადიდებლური სამყაროს მესაჭე რუსეთია”, თუმცა რუსეთი მართლმადიდებლურ სამყაროშიც ძალიან ბევრ პრობლემებს ქმნის და მსოფლიო ზეგავლენისათვის იბრძვის. საქართველომ, ჩვენი პატრიარქის მეშვეობით, დაიბრუნა ავტოკეფალია, რათა რუსული ეკლესიის გავლენისაგან თავი დაეღწია.

არის სხვა მითები და სიმბოლოებიც, რომლებიც ქვეცნობიერში ვლინდება და ჯამში პრორუსებისათვის მუშაობს სტერეოტიპი – “რუსეთი ძლიერია, ერთმორწმუნეა და ჩვენი პრობლემების შემქმნელია, მაგრამ ერთადერთია, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს.” ამ მითებისა და სტერეოტიპის დანგრევა ძნელია, მაგრამ შესაძლებელია.

– სწორედ ამ მითებით აპელირებენ რუსეთუმე პოლიტიკოსები და საზოგადოების ნაწილსაც მათი ბრმად სჯერა…

– ასე ვიტყვი: სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობისას რიგითი ადამიანის უფლებები განადგურებული იყო, ადამიანი საზოგადოების საზომად აღარ ითვლებოდა და ასეთი მიდგომა წყალს სწორედ რუსულ წისქვილზე ასხამდა… საბჭოთა ეპოქაში რიგითი მუშა თუ გლეხი თითქოს უმაღლეს დონეზე აყვანილი იყო და ის, მართალია, რეალურად არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მისგან “კომუნიზმის ხატს” ქმნიდნენ. იმ რეალობამ, რომელიც 90-იანი წლებიდან გამოვიარეთ, საზოგადოების ყველა ფენას დაღი დაასვა, წარმოიშვა ფართო საზოგადოებრივი კონფლიქტი და აგრესია. დაინგრა საბჭოთა კავშირი და რიგითი ადამიანებისთვის სოციალური, ყოფითი ცხოვრება უკეთესობისკენ კი არა, უარესობისაკენ შეიცვალა. ამ პირობებში, როგორ გინდა, ხალხი დააჯერო, რომ იმ ეპოქას ეს ეპოქა სჯობია? მართალია, გარდამავალი ეტაპია, მაგრამ ეს გარდამავალი ეტაპი ძალიან გაგრძელდა. ხალხი მოლოდინით დაიღალა და ლოდინში არაფრის ამარა დარჩა. ამიტომაც თავი იჩინა ნოსტალგიამ წარსულზე, საბჭოეთზე. “რა მოგვცა დამოუკიდებლობამ? არაფერი, პირიქით, გაგვაღატაკა”, – ფიქრობს ადამიანი, რომელსაც არც განათლება და არც შესაძლებლობები სხვა ფიქრის საშუალებას არ აძლევს. ადამიანების მანიპულირება იოლი ხდება.

– ესე იგი, რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებისთვის გაჭირვებული ხალხი დასაყრდენია, რომლის გამოყენებაც შეუძლია?!

– არ მინდა, წყალი ყველა პოლიტიკოსს გადავასხა, მაგრამ სამწუხაროდ, არიან დეპუტატები, ხელისუფლების წევრები, აქტიური პოლიტიკოსები, ადამიანები, რომლებიც პირადი კეთილდღეობისთვის ხელს ნებისმიერთან, ეშმაკთანაც კი მოაწერენ. დღეს კი, ეს ეშმაკი კი დღეს პუტინია! პუტინი არ იქნება, სხვა ეშმაკს მოძებნიან. ყევლაფერი ეს იმის გამოვლენაა, რომ საქართველოში პიროვნების კრიზისი გვაქვს. პიროვნების კრიზისი გვაქვს ყველა დონეზე, განსაკუთრებით, – ე.წ. მაღალ ეშელონებში, იმ დონეებზე, სადაც ქვეყნის მომავალი იქმნება. გონივრული ვარაუდია, რომ რუსეთის ძველი პრეზიდენტი და შემდეგ, პუტინი აფინასებდა საქართველოში თითქმის ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას.

– რას გულისხმობთ?

– იოსელიან-კიტოვანის პერიოდს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბრუნებას საქართველოში, ანუ იარაღს ერთსაც რუსეთი აძლევდა და მეორესაც, დაგიხოციათ ერთმანეთიო. არ მომწონს, რომ საქართველოში პრორუსული ძალები ძლიერდებიან, მაგრამ მეორე მხრივ, დადებითია, რომ საზოგადოება გაიხსნა და რეალურად გამოვლინდა, ვინ საით მიიწევს, ვინ ვინ არის, ვისთან გვაქვს საქმე.

– სერგო ორჯონიკიძეები უკვე გამოჩნდნენ?

– დიახ, შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდნენ. მაგრამ იმ პიროვნებებმა და ლიდერებმა, რომლებიც რუსეთში მხსნელს ხედავენ, დაასახელონ თუნდაც ერთი შემთხვევა და ეპიზოდი ისტორიიდან, როდესაც რუსეთმა გვიხსნა. რუსეთმა გაგვიუქმა სამეფო ტახტი და ავტოკეფალია, დაგვაკარგვინა სახელმწიფოებრიობა, გვიკარგავდა ენას, გიორგი ერისთავის “გაყრა” კარგად გვახსოვს,  ლამის რა ლექსიკური ერთეულები დაინერგა ქართულ მეტყველებაში. ქართულ-რუსული ჟარგონით ვლაპარაკობთ.

მინიმუმ, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს,  დავიწყოთ დიალოგი და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებებთან დაკავშირებით ჩემს დამოკიდებულებას გადავხედავ, რუსეთთან ურთიერთობა სრულიად მიუღებელად მიმაჩნია.

– არც ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში?

– ეკონომიკურ სფეროში, კიდევ შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის მომგებიანი პირობებია, მაგრამ კულტურა ფაქიზი თემაა, საზოგადოებრივია და პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ელფერი აქვს. ეკონომიკური ფაქტორი მტრებთანაც უნდა მუშაობდეს. ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ირანთანაც გვქონდა ვაჭრობა და თურქეთთანაც. ახალი ხელისუფება რომ მოვიდა, მივესალმე, რომ ჩვენი სპორტსმენები ოლიმპადაზე წავიდნენ, ხელოვნების წარმომადგენლებმა კი, კრემლში კონცერტები გამართეს. ჩვენი მხრიდან ეს დიალოგისთვის მზაობა იყო, მაგრამ რუსეთი პირიქით მოიქცა – კიდევ არაერთი ახალი სოფელი შემოღობა და უფრო მეტი ქართული მიწა მიიერთა. დიალოგისთვის ჩვენი გულწრფელი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო – ახალი მთავრობის მშვიდობიანი მისწრაფება ევროპამ დააფასა.

– პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსები და მათი თანამოაზრე ჟურნლისტები ასე გვიხატავენ რუსეთთან ურთიერთობას.

– ერთიანი ევრზიული სივრცე და ამ სივრცეში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა საქართველოსთვის დადებითად მოგვარდება. დასავლეთზე უარი უნდა ვთქვათ და ევრაზიაში გავერთიანდეთო. რა კონგლომერატია ევრაზიის კავშირი?

– ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რას მოიცავს ევროპასთან კავშირი – წარმოდგენილია უზარმაზარი დოკუმენტი და ყველა შრეში ჩანს, რას მოიგებს და რაში შეიძლება წააგოს საქართველომ. დოკუმენტი აბსოლუტურად ღია და ნათელია. მაჩვენოს ვინმემ ევრაზიის კავშირის დოკუმენტი თუნდაც იმისთვის, რომ მსჯელობა დავიწყოთ. სადმე  დაფიქსირებულია, რომ რუსეთი საქართველოს მთლიან ქვეყნად ცნობს და ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოს ფარგლებში აღიარებს? დააბრუნებს დევნილებს ღირსეული პირობებით და საერთოდ, შეიძლება არარსებულ დოკუმენტზე ვილაპარაკოთ? ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ მარსზე კოლონიების გაშენებაზე. ბუტაფორიებზე ლაპარაკი კი შეიძლება, მაგრამ აზრი? შედეგი?

ჩვენთვის რუსეთი ყველაზე საშიში პერსპექტივაა და ამიტომ მისდამი პოზიტიურად განწყობილ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, აღარ გექნება ის, რაც დღეს გაქვს და არც ის, რასაც ელოდები.

– რუსეთი საერთაშორისო სამართლის სისტემიდან გამოვიდა და ყველას დაუპირისპირდა. როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, არსებობს ალბათობაა, რომ პუტინმა დიდი ომი დაიწყოს, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა. ომი კი, ყველაფერს ჩამოწერს…

– რუსეთს ისეთივე არაპროგნოზირებადი მოკავშირეები ჰყავს, როგორც თვითონაა. დასავლეთი ცდილობს, მაქსიმალურად რაციონალური იყოს, რათა პუტინი როგორმე კალაპოტში დატოვოს. ჩვენ კი გვინდა, რომ თავზე ჯოხი გადაამტვრიოს. რუსეთში დამპყრობლურმა მონღოლურმა სულმა იფეთქა და ყველაფრის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტა უნდა, რადგან ქვეყნებთან ურთიერთობის სხვა ფორმებს ვერ ხედავს.

თვითონ რუსეთის საზოგადოება დგას ძალიან დიდი არჩევანის წინაშე: ან უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფო და პროგრესული გახდეს, ან ჩაიხარშოს და ჩაიშალოს. პუტინის ბოლომდე მიშვება, ერის თვითმკვლელობა იქნება!

 

ავტორი: მარიკა კახაძე

წყარო: გაზეთი “ქართული სიტყვა”

 

 

 

Use Facebook to Comment on this Post

“რუსეთში დამპყრობლურმა მონღოლურმა სულმა იფეთქა!” Reviewed by on . პუტინი 2008 წლის მოვლენების განმეორებით იმუქრება - რომელი ქართველები შემუძღვებიან რუსის ჯარს "შევხვდები საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერ მინისტრს, ეს შეხვედრა პუტინი 2008 წლის მოვლენების განმეორებით იმუქრება - რომელი ქართველები შემუძღვებიან რუსის ჯარს "შევხვდები საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერ მინისტრს, ეს შეხვედრა Rating: 0
scroll to top