Friday , 22 February 2019

უახლესი ამბები
Home » მედია » “რაც უფრო პროფესიონალია ადამიანი, მას უფრო მეტად აქვს გააზრებული ეთიკური საზომი”

“რაც უფრო პროფესიონალია ადამიანი, მას უფრო მეტად აქვს გააზრებული ეთიკური საზომი”

by: Category: მედია, მედიაკომუნიკაციები, მიმართულებები Leave a comment

1891264_821200677906376_1874398126_nბოლო პერიოდში ხშირია დისკუსიები ინდივიდთა პოფესიონალიზმისა და პიროვნული ეთიკის შესახებ. ამ სახის დილემა ყველაზე მეტად ჟურნალისტებისთვის არის ცნობილი. რას გულისხმობს თითოეული ცნება ცალ-ცალკე; რას ნიშნავს იყო პროფესიონალი და როგორია ჟურნალისტებისთვის სწორად მოქმედების ფორმულა. 

“პროფესიონალიზმი” და “ეთიკა” – ეს ორი ცნება სულაც არ ეწინააღმდეგება  ერთმანეთს. პროფესიონალიზმი გულისხმობს რამდენიმე ძირითად მახასიათებელს, ეს არის: კვალიფიკაცია და კვალიფიციური მუშაობა, დარგის ეთიკური სტანდარტი, და ინდივიდსა და სახელმწიფოს ინტერესზე დაფუძნება. სპეციალისტი, რომელიც არ ზრუნავს ამ ინტერესების დაცვისთვის, ბუნებრივია, ის ვერ ჩაითვლება პროფესიონალად. პროფესიონალიზმი მოიცავს დარგსაც და ეთიკასაც. ეს არის პროფესიონალიზმის ასე ვთქვათ, უფრო სრულფასოვანი ახსნა, ვიდრე ამ სიტყვის – პროფესიონალის – შინაარსში დღეს დებენ ხოლმე. პროფესიონალიზმი არის კომპლექსური შედეგების მიღწევის საზომი. საკითხის დასმა შემდეგნაირად  – პროფესიონალიზმი თუ ეთიკა, არასწორია, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთთან სინთეზში მოდიან. რაც უფრო პროფესიონალია ადამიანი, მას უფრო მეტად აქვს გააზრებული მოღვაწეობის ეთიკური საზომი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მთავარი ინდიკატორიც კი ხდება ხოლმე.  ნებისმიერი პროფესია არის დიდი საკომუნიკაციო სივრცე, რომელშიც ერთიანდებიან ადამიანები, სახელმწიფო და საკუთარი-პირადი ინტერესები. ადამიანი უფრო მეტია, როდესაც კერძო ინტერესებზე მაღლა დგება და გამოდის უფრო მაღალი რანგის ინტერესებიდან. აქედან გამომდინარე, მან იცის როდის რაზე თქვას ‘’ჰო’’ და რაზე თქვას უარი.

პროფესიონალიზმის არსის გასაგებად ჩვენ უნდა მივმართოთ დარგს, როგორც კვალიფიკაციას, ასევე იმას, რაზედაც ის ვრცელდება: ადამიანები იქნება ეს,  სახელმწიფო თუ ა.შ. ჩვენ ქართულ სივრცეში მედიაკრიტიკოსების პრობლემაც გვაქვს. კრიტიკა მაინცდამაინც ნეგატიურ საზომს არ მოიცავს, როგორც ეს ზოგს ჰგონია, რომ კრიტიკა და ლანძღვა ერთი და იგივეა. ბუნებრივია კრიტიკა ლანძღვასა და ცილისწამებას  არ ნიშნავს. ამის მაგალითად გამოდგება პაროდიის ქმნადობის ეთიკური სტანდარტი, რომელიც სწორედ რომ ეთიკური საზომების სივრცეა.

საზოგადოებრივი ინტერესი – საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება გულისხმობდეს უამრავ გაუგონარ რამეს. პროფესიონალიზმი არ გულისხმობს, რომ ყველაფერი, რაც კი საზოგადოებას აინტერესებს, აუცილებელია გახდეს მოვლენის და გაშუქების საგანი. შეიძლება, შუადღისას ვიღაცას პორნოგრაფია აინტერესებდეს, მაგრამ არ გადის ეთერში. ინტერესი თავისთავად არ არის მთავარი ინდიკატორი, მთავარი არგუმენტი, საიმისოდ, რომ გააშუქო ყველაფერი. დღეს მედიაწარმომადგენლები აცხადებენ ხოლმე, რომ მედია თითქოს გულისხმობს, გადასცეს ყველაფერი, რაც მაგალითად მოსახლეობას აინტერესებს, მაგრამ მთელი პარადოქსი მედიისა ის არის, რომ ხშირად მოვლენა კი არ უსწრებს გაშუქებას, არამედ ჯერ მედია წარადგენს ხოლმე ამბავს და ემრე იქმნება მოვლენა, ამის ახსნა მარტივია, სინამდვილეში, თანამედროვე მედია მოიაზრება საკომუნიკაციო სივრცის ერთ-ერთ, ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად და ხშირად, მედია კი არ ასახავს საზოგადოების ინტერესს, არამედ ის ქმნის საზოგადოებრივ ინტერესს.

ბოლო პერიოდში არაერთი მსგავსი კვლევა ჩატარდა და ჟურნალისტებს გაუკვირდათ, როცა აღმოაჩინეს, რომ მოვლენას წინ უსწრებს ამბავი(ნიუსი), რომელიც უკვე გავრცელებულია საზოგადოებაში. იმათთვის რაც გასაკვირი იყო, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის სრულიად ლოგიკურია, იმიტომ რომ ზოგადადაც, თანამედროვე ეპოქაში და მითუმეტეს საქართველოში მედია მოვლენას კი არ ასახავს, არამედ  ქმნის ამ მოვლენებს. წინასწარ შეიძლება მოხდეს პროვოცირება საზოგადოებრივი სივრცეებისა და პროცესებისა. მედია ეს არის მოვლენების ქმნადობის პროცესის ძირითადი ელემენტი.

როგორ მოიქცნენ ჟურნალისტები  – ჟურნალისტისთვის ამოსავალი არის ის მიზნები, რასაც ემსახურება მისი მოღვაწეობა. ჩვენთან მთავარი პრობლემა არის ის, რომ შედეგზე ორიენტირებული პროცესები არა მარტო მედიაში, არამედ ზოგადადაც თითქმის არ შეიმჩნევა. როდესაც ქმედება შედეგზეა ორიენტირებული, მაშინ იმ ამბით ‘’მე’’, რასაც გავაშუქებ, რაზედაც ყურადღებას გავამახვილებ, რაზედაც ტოქშოუს მოვაწყობ, მეცოდინება რა შედეგზე ვიმუშავებ. თუ ეს შედეგი არ არის სწორად შეფასებული, თუ ეს შედეგი არის ანტისახელმწიფოებრივი, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული, თანაც ისე, რომ ის ამას არ იმსახურებს, ბუნებრივია, მან უნდა შეიტანოს ცვლილება თავის მოღვაწეობაში. ეს არის მთავარი ინდიკატორი. რას ქმნი, რას აკეთებ და რა არის შედეგი.

თუ ჰგონიათ, რომ მედიის სამუშაო არის პროცესი და არა შედეგი, ეს არასწორი გაგებაა. მედიის როლი არის საზოგადოების ინფორმირებულობა. საზოგადოების ინფორმირებას სჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. თუ საზოგადოებას ის ამბავი, რომელზედაც მედია ყურადღებას ამახვილებს, აბნევს, მაშინ აქ უკვე მედიის როლი დანგრეულია. ეს არ იქნება ჯანსაღი პროცესი, დღეს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე თუ რის მიღწევას ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით. ამას, მარტივ ენაზე, ვეძახით პროფესიულ პასუხისმგებლობას. აქ ამოვდივართ დარგობრივი სტანდარტებიდან, ეთიკური ნორმებიდან, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესებიდან. თუმცა, ჩვენ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ღია საზოგადოებაში, დამალული ამბავი არ არსებობს, არც უნდა არსებობდეს, მაგრამ არსებობს ნორმა და დრო – როდის და რა ფორმით უნდა მიეწოდოს ის მოსახლეობას, მსენელს, მკითხველსა და მაყურებელს.

მედიაწარმომადგენლებს ხშირად გააჩნით თავიანთი არგუმენტი თითქოს, ყველაფერი, რაც კი საკონსტიტუციო საზომებში, შესაძლებლობებში და საერტაშორისო სტანდარტებში შედის, შეიძლება და აუცილებელია გახდეს მომენტალური მიწოდების საგანი, ამის ასეთი გაგებაც არასწორია, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, უნდა განისაზღვროს აღმქმელის მზაიბა და ინფორმაციის შესაძლო გავლენითი შედეგი… მაგალითად, მასწავლებელი რომ შევიდეს პირველ კლასში და მოსწავლეებს ასწავლოს უმაღლესი მათემატიკა. მოსწავლეები ვერ გაიგებენ ვერაფერს, მიუხედავად იმისა, რომ მათი საბოლო მიზანი არის უმაღლესი განათლების მიღება. ამიტომაც, როდესაც საზოგადოება რაღაცისთვის მზად არ არის, უნდა იცოდე როგორ გაზარდო ის ამ ყველაფრისათვის ან როგორი ფორმით მიაწოდო ინფორმაცია, რომ მოხერხდეს ამის ასე ვთქვათ ‘’მონელება’’. ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცე ორიენტირებულია საზოგადოების განვითარებაზე და არა უკუსვლაზე. როდესაც ხდება ინფორმაციის გაბნევა, არასწორად მიწოდება, საზოგადოების რეგრესისკენ მიმართვა, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პროფესიულ კურსს. ბუნებრივია, ვგულისხმობ, რომ მედიის როლი, ეს არის მისი პროფესიული სტანდარტის შესრულება იმ შედეგების მისაღწევად, რაც გათვლილია მისივე სამოღვაწეო მიზნებში.

 

არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი

ანალიტიკოსი

 

Use Facebook to Comment on this Post

“რაც უფრო პროფესიონალია ადამიანი, მას უფრო მეტად აქვს გააზრებული ეთიკური საზომი” Reviewed by on . ბოლო პერიოდში ხშირია დისკუსიები ინდივიდთა პოფესიონალიზმისა და პიროვნული ეთიკის შესახებ. ამ სახის დილემა ყველაზე მეტად ჟურნალისტებისთვის არის ცნობილი. რას გულისხ ბოლო პერიოდში ხშირია დისკუსიები ინდივიდთა პოფესიონალიზმისა და პიროვნული ეთიკის შესახებ. ამ სახის დილემა ყველაზე მეტად ჟურნალისტებისთვის არის ცნობილი. რას გულისხ Rating: 0
scroll to top