Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » რატომ დაკარგა ირაკლი ალასანიამ თავისი მთავარი ღირსებები და რატომ იქცნენ „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგ მსხვერპლად

რატომ დაკარგა ირაკლი ალასანიამ თავისი მთავარი ღირსებები და რატომ იქცნენ „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგ მსხვერპლად

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on რატომ დაკარგა ირაკლი ალასანიამ თავისი მთავარი ღირსებები და რატომ იქცნენ „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგ მსხვერპლად

pia 22.09.14 3მართალია, „თავისუფალი დემოკრატები“, ჯერ ერთი, პროდასავლურ პოლიტიკური ძალად და, რაც მთავარია, პოლიტკორექტულ ძალად მოიაზრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოალიციას გამოეყვნენ, მათი ლექსიკა რადიკალურისკენაც გადაიხარა და არც პირდაპირი ტექსტით ლანძღვა-გინებას იშურებენ ყოფილი თანამოაზრეებისადმი. მეორე მხრივ, საბოლოოდ, უცნობია მათი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა, რადგან ვერსიები მუდმივად იცვლება: დაწყებული პოზიციით, ყოფილ მმართველ გუნდთან არასდროს ვითარამშრომლებთ და დამთავრებული მოსაზრებით, რომ შესაძლოა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ნაციონალებთან“ ერთად პარლამენტში მთავრობის გადაყენების საკითხი დასვას. რა თამაშს თამაშობს ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ძალა და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მათ მიერ წამოწყებული პარტია? – ჩვენს შეკითხვებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ  გამზარდია უპასუხებს.

– პოლიტიკაში გარიგება ჩვეულებრივი ამბავია და სავსებით შესაძლებელია, რომ ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა, გარიგებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ პოლიტიკური მომავლის გარანტიები მიიღოს. რა მიზანს ისახავს „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივობები პოლიტიკურ სცენაზე და იქნება თუ არა ეს პროდუქტიული მათთვის?
– როდესაც ალასანიას გუნდზე ვლაპარაკობ, ასეთი მეტაფორა მომდის თავში: გზააბნეული პოლიტიკოსები. რადგან ადამიანებს აქვთ არაადეკვატურად გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, რის საფუძველი, როგორც წესი, არის საკუთარი თვითრწმენის დაბალი კოეფიციენტი, რაც გამოხატვისას ზედმეტ განდიდებაში გადადის ხოლმე. ანუ ისინი მიიჩნევენ, რომ ბევრად მეტს წარმოადგენენ, ვიდრე მათზე აქვს წარმოდგენა როგორც საზოგადოებას, ისე იმ გუნდებს, რომლებთანაც მათ უწევთ ტრიალი. ამდენად, ამ ყველაფრის ამოსავალი უნდა იყოს ირაკლი ალასანია, როგორც ლიდერი და მისი ფსიქოტიპი, რაზეც არის აგებული მთელი გუნდის ძალისხმევა. მით უმეტეს, რომ მათ გადადგეს საკმაოდ დაუფიქრებელი ნაბიჯი: ვგულისხმობ ფორმას, როგორითაც წამოვიდნენ ხელისუფლების რიგებიდან, რომელსაც შემდგომ მოყვა აფექტური ნაბიჯების მთელი სერია. შემდეგ იყო მცდელობა, რომ ამ პარტიას თავისი ადგილი დაეკავებინა ოპოზიციაში. ჩვენი ოპოზიციის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ იმდენად კონკრეტული ადგილი დაიჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ, საერთო ჯამში, ოპოზიციაც კი დეზორიენტირებულია. ვერ ხედავს, სად უნდა მოიაზროს თავისი თავი, რა შემთხვევაში უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია: გამოვლენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რაც არის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, თავისთავად ხვდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს. არსებობს ორიოდე პარტია, ნინო ბურჯანაძის და „პატრიოტთა ალიანსი“, რომლებიც რადიკალურად კვლავ ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან და ისინი ამით იგებენ. დანარჩენი მიმართულების ოპოზიცია კი კიდევ უფრო დეზორიენტირებულია და ალასანიაც, რომელმაც, საბოლოოდ, ვერ იპოვა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი თვითგამოხატულება, როგორც პოლიტიკური სუბიექტისა, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე უნდა იყოს, ეჩეხება ორ მმართველ ძალას –  მოქმედსა და ყოფილს.

– რატომ ვერ ჩნდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მესამე პოლიტიკური ძალა? ისევ მოქმედ და მმართველ ძალას შორის რატომ არის გადანაწილებული პოლიტიკური სცენა?

– საქართველოში მუდმივად ლაპარაკობენ, რომ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა მესამე ძალაზე, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები იმდენად არაგულწრფელები არიან საკუთარ მოსახლეობასთან და იმდენად მხოლოდ პირადი მიზნებისთვის იყენებენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ არიან დაკავშირებული უხილავი ძალით მოსახლეობასთან, რაც მათ სწორი მესიჯების გაგზავნის საშუალებას მისცემდა. ამიტომ ან ერთი ხელისუფლის მხარეს უნდა თამაშობდეს ოპოზიცია, ან მეორე ხელისუფლის მხარეს და იმის გამო, რომ ალასანია მეტად უხერხული ფორმით წავიდა ხელისუფლებიდან, ამ პრობლემამ მასთან უფრო მეტად იჩინა თავი. მაინტერესებს, როგორი მრჩევლები ჰყავს მას, რადგან რიტორიკით უკვე გაასწრო სააკაშვილს და საცაა გაასწრებს ნათელაშვილსაც. მისი მთავარი უპირატესობები: ღირსეულობა გამოხატვაში, აკადემიურობა, ინტელექტი, თითქოს ჩაიკარგა და ამიტომაც ისინი არ ჩანან. ვხედავთ, რომ მათზე ნადირობს „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ რომ მისთვის „თავისუფალი დემოკრატები“ კარგი მსხვერპლი იქნება, რადგან, თავის დროზე არსებობდა რისკი, რომ სწორედ ირაკლი ალასანიას ჩაენაცვლებინა „ნაციონალური მოძრაობა“.

Irakli_Alasania_2014-09-07– „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირავს რადიკალური პროდასავლური ფრთა, იმავეს ცდილობს ირაკლი ალასანიას პარტიაც, არის ეს პროდუქტიული, მიუშვებს „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ამ „ღუმელთან“?

– მე, როგორც სხვა ზოგიერთი სპეციალისტი, გამოვთქვამდი აზრს, რომ, თუ სწორ სტრატეგიას აირჩევდა, ირაკლი ალასანიას უნდა აღმოეჩინა, რომ მისი პირველი მეტოქე არის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მას ოპოზიციურ ფლანგზე უნდა დაეკავებინა უპირატესი ადგილი და მხოლოდ შემდეგ შეიძლებოდა, გამხდარიყო მისი მთავარი მეტოქე ხელისუფლება და არჩევნებზე მისი ადგილის დაკავებაზე ჰქონოდა ორიენტირი. მაგრამ ალასანიამ, ფაქტობრივად, ეს ვერ გათვალა და ის აღმოჩნდა, დაახალოებით, იმავე ტიპის პოლიტიკური სუბიექტი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. რატომ არის ეს წამგებიანი მისთვის? იმიტომ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“იგივე მესიჯები აქვს ბევრად უფრო რადიკალური, ბევრად უფრო ენერგიული, ისტერიული, გამოცდილი.

– აქვს ბევრად მეტი კავშირები.

– დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მხარდამჭერთა განსაზღვრული ბირთვი, პარტიული აქტივისტები, მათთან დაკავშირებული პირები და ამჟამინდელი ხელისუფლების რადიკალი მოწინააღმდეგეები. ამიტომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო ეფექტიანები ვერ გამოდიან, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ნიშა უკვე უჭირავს. აქ არის ერთი შესაძლებლობა, თუ ის შეერწყმება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ამით ერთადერთი, ვინც მოიგებს, შეიძლება, იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. ის იმდენად გაბანკროტებული იყო ორი წლის წინათ, რომ ნებისმიერი აქტივობისა და წინსვლის შესაძლებლობა მის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ვინ არის ალასანიას მხარდამჭერი? ვინ უნდა მისცეს მას ხმა?! ყველას ჰყავს თავისი მყიდველი ბაზარზე, ალასანიას გუნდს კი, დაახლოებით, იმავე კატეგორიის მყიდველი ჰყავს, ოღონდ ეს, საბოლოოდ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გამოდის, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ალასანიას ხმა არ მისცემს, მაგრამ ალასანიას ამომრჩეველმა, მისი ამჟამინდელი გამოხატულებით, შეიძლება, კიდეც მისცეს ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომაც არის, რომ „რუსთავი 2“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, თავად პარტია, თითქოს ლოიალობას გამოხატავენ ალასანიას მიმართ, მაგრამ ეს არის გველეშაპის ლოიალობა. მაგალითად, რუსულ სიანფორმაციო არხებზე ვხედავთ, რომ საქართველოსადმი დადებითი ინფორმაციით გამოდიან, ორმაგ ტაშს უკრავენ, როდესაც ქართველი გამოდის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ ხდება ქართველზე ორიენტირების გამო, ეს არის ქართველის გადასანსვლის სურვილით ნაკარნახები. ამიტომაცაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული სექტორი აპირებს, ჩაყლაპოს ეს პარტია და ასეთი ტიპის სუბიექტები, რადგან ადამიანებისა და პოლიტიკური სუბიექტების გაფუჭებაში ისინი ძალიან ეფექტიანები არიან. ამიტომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობს ყოველი ოპოზიციური გამოხატულებით.

რომელ ოპოზიციურ გაერთიანებას აქვს უფრო მეტი პერსპექტივა? ეს არის პარტიები, რომლებიც რადიკალურად უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა ამჟამინდელ ხელისუფლებას. ამიტომაც ალასანიას პოლიტიკურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიაში დეზორიენტაცია უბიძგებს მეტი აგრესიულობისკენ, მეტი დესტრუქციისკენ. რაღაც მომენტში ის ცდილობს, მიემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ეს ნიშა დაიკავოს, ოღონდ, რაც მეტად ემსგავსება, მით მეტად კარგავს თავის ამომრჩეველს და ამით მით უფრო მეტად აძლევს ბიძგს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებას. ამდენად, ალასანიას აი, ეს ორიენტირი მისსავე წინააღმდეგ მოქმედებს. მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ალასანიასგან ერთგული პარტნიორი ვერავინ მიიღო.

– ერთი ეს და მეორე, ვინ-ვინ და წესით, ირაკლი ალასანიამ უნდა იცოდეს, რამდენად პატიოსანია პოლიტიკური გარიგებებისას „ნაციონალური მოძრაობა“? რატომ ან რის იმედზე ენდობა?

– როგორც ის ხედავს, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი პარტნიორია, ასევე, ყველა სუბიექტმა იცის, ვინ როგორი პოლიტიკური პარტნიორია, პოლიტიკური პარტნიორობის კულტურა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. იმიტომ რომ ეს არის დროებითი გაერთიანებები, სადაც პარტნიორები პოტენციალურად გრძნობენ თავს ერთმანეთის სიძულვილში და იციან, რა წამს პირველად მიზანს შეასრულებენ, მომენტალურად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ამიტომ პოლიტიკური პარტნიორობის თემა საქართველოში დისკრედიტებულია და არ გვყავს ჩვენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ნდობა ექნებათ. ერთმანეთს უყურებენ, როგორც ინსტრუმენტს პოლიტიკური წარმატებისთვის და ამავდროულად, ასევე, აღიქვამენ მათაც. შესაბამისად, ერთადერთი წახალისება არის გაერთიანება ვინმეს წინააღმდეგ. ეს იყო შევარდნაძესთან მიმართებაშიც და სააკაშვილთან მიმართებაშიც, მაგრამ ასეთი სტიმულებიც დროებითია.  ჩვენთან, რატომღაც მიღებულია, რომ პოლიტიკური მარკეტინგის მეთოდები არის ერთადერთი, მაგრამ, მეორე მხრივ, არ გვყავს პოლიტიკური მარკეტინგის მაღალი რანგის სპეციალისტები. თუმცა პოლიტიკური მარკეტინგი არ ნიშნავს, რომ ფორმა არ უნდა ემთხვეოდეს შინაარსს. ჩვენს შემთხვევაში იმდენად ყალბია, რომ საზოგადოება არ იჯერებს, რითაც იყო განპირობებული ამომრჩევლის დაბალი აქტივობა ბოლო არჩევნებზე.

– ისინი ამბობენ, რომ აქვთ არჩევნებში წარმატების მიზეზი. სჯერათ ამას?

– ამდენად, რასაც ჩვენ ვხედავთ ალასანიასთან მიმართებაში, ეს არის სრული გაუგებრობა. მანაც ხომ უნდა გამოკვებოს თავისი თანაგუნდელები რაღაცით?! თქვენ წარმოიდინეთ, როდესაც ადამიანები პარტიული ერთგულების გამო მოდიან მინისტრის, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან, განა, რას უნდა მიაღწიონ იმავე ადამიანებმა თავიანთ კარიერაში უფრო მაღალს?! ორი ვარიანტია: კარიერული ან ბიზნესინტერესები. მაგალითად, რას უნდა მიაღწიოს ალექსი პეტრიაშვილმა მინისტრის სტატუსზე მაღალს?! შესაბამისად, რეალურად, თითოეული მათგანი არის ირაკლი ალასანიას პატივმოყვარეობის ინსტრუმენტი და, ფაქტობრივად, ირაკლი ალდსანია ჰგავს მიხეილ სააკაშვილს იმით, რომ მას არ ჰყოფნის ის დოზა, რასაც იღებს საზოგადოებისგან და ანომალიურად უნდა უფრო მეტი. ძალიან კარგად ჩანდა, რომ ალასანიას ჰქონდა საპრეზიდენტო ან საპრემიერო ამბიცია, თუმცა მას ეკავა უმნიშვნელოვანესი პოსტი. მისი სხვა დანარჩენი თანაპარტიელები წარმოადგენენ ირაკლი ალასანიას ინსტრუმენტებს და სათამაშონი არიან იმ კუთხით, რომ ჯერჯერობით იკვებებიან იმ პერსპექტივით, რომელსაც ფანტაზიებით უსახავს ირაკლი ალასანია.

– რატომ გახდა აგრესიული? რას აჩვენებს ამით?

– მისი აგრესია, რომელიც ბოლო პერიოდში იმატებს, აჩვენებს იმას, რომ მისი გუნდის წევრებს ნაკლები პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ამ ადამიანებს ხომ შენარჩუნება სჭირდება?! ეს არის რეჟიმი, როდესაც ის უნდა გახდეს უფრო აფექტური და აგრესიული, მაგრამ არ მგონია, იყოს ისეთივე ეფექტური, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“ და მეორე მხრივ, ის შეერწყას ისეთ გუნდს, სადაც უფრო უკეთ შეასრულებს თავის სასიცოცხლო ფუნქციებს.

 

ავტორი: ნინო ხაჩიძე

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

Use Facebook to Comment on this Post

რატომ დაკარგა ირაკლი ალასანიამ თავისი მთავარი ღირსებები და რატომ იქცნენ „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგ მსხვერპლად Reviewed by on . მართალია, „თავისუფალი დემოკრატები“, ჯერ ერთი, პროდასავლურ პოლიტიკური ძალად და, რაც მთავარია, პოლიტკორექტულ ძალად მოიაზრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოალიციას გ მართალია, „თავისუფალი დემოკრატები“, ჯერ ერთი, პროდასავლურ პოლიტიკური ძალად და, რაც მთავარია, პოლიტკორექტულ ძალად მოიაზრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოალიციას გ Rating: 0
scroll to top