Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » “პოზიციის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ პოზიცია, კრიტიკის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ კრიტიკა”

“პოზიციის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ პოზიცია, კრიტიკის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ კრიტიკა”

by: Category: პოლიტიკა, რელიგია, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on “პოზიციის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ პოზიცია, კრიტიკის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ კრიტიკა”

12516389_963526277054747_2109501719_n-680x400გასულ კვირას თბილისში, მეტროსადგურ „დელისთან“ 67 წლის იური მაღლაკელიძე გარდაიცვალა. მომხდარმა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანდაზმული მამაკაცი ყინვაში გაიყინა. ამ ფაქტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგმა მთავრობა გააკრიტიკა, ზოგმაც – მთლიანად საზოგადოება, ხალხის ნაწილმა კი კრიტიკის ისრები პატრიარქისკენ მიმართა.
სიმბოლურია ისიც, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი პატრიარქის იუბილეს დაემთხვა. მისმა მოწინააღმდეგეებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს, რომ მომხდარი პატრიარქის საწინააღმდეგოდ შემოეტრიალებინათ და ხაზი გაესვათ იმ ფაქტისთვის, რომ, როცა პატრიარქი მრავალათასიან იუბილეს იხდიდა, ამ დროს „მიუსაფარი“ და „უსახლკარო“ ქუჩაში „გაიყინა“. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა პოეტი, რატი ამაღლობელი. მან ამ ფაქტს ლექსიც კი მიუძღვნა სახელწოდებით – „გაყინული პატრიარქი“. რატი ამაღლობელს არ ჩამორჩა ჟურნალისტი ნინია კაკაბაძეც.

პატრიარქის კრიტიკა მართლმადიდებელთა ნაწილმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვა და ახლა, მთელი ლანძღვა-გინების კორიანტელი ამაღლობელი-კაკაბაძის ირგვლივ დაატრიალა. სოციალურ ქსელში გაჩაღებულმა ამ მწვავე შეხლა-შემოხლამ კარგად აჩვენა ორი რამ: 1. საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად და პატრიარქის დამცველად მიიჩნევს, მზადაა, მისთვის მიუღებელი აზრის გამო საჯაროდ ჩაქოლოს და შეურაცხყოს სხვა; და 2. ცნობილი ლიბერალების ნაწილი ჩასაფრებული პოზიციიდან ლანძღავს საპატრიარქოსა და პატრიარქს. მათ შესწევთ უნარი, არარსებულ ამბავიც კი ილია მეორის წინააღმდეგ შემოატრიალონ.

როგორც გაირკვა, მეტროსადგურ „დელისთან“ გარდაცვლილი მამაკაცი არც უსახლკარო იყო და არც სიცივისგან გაყინულა. ის გულის შეტევით გარდაიცვალა და მის ბუნებრივ სიკვდილს „პრაიმტაიმთან“ საუბარში გარდაცვლილი იური მაღლაკელიძის ძმაც ადასტურებს.

1484379_1091704800855961_5196760060062672732_n-300x300რატომ იქცა ეს შემთხვევა პატრიარქის წინააღმდეგ გალაშქრების საფუძვლად? ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია „პრაიმტაიმს“ უზიარებს:

– ეს, ზოგადად, ტენდენციაა. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერ მომხდარს, განსაკუთრებით ნეგატივს, საკუთარი პოპულარიზაციისთვის იყენებენ. როგორც წესი, ასეთი შემთხვევების უმრავლესობა არაფრისგან არის შექმნილი. ამ კონკრეტულმა მაგალითმაც აჩვენა, რომ ეს იყო სხვა რეალობა, სრულიად სხვა მიზეზებით განპირობებული და ბუნებრივია, ამას პატრიარქთან კავშირი არ ჰქონდა. შეეცადნენ განზოგადებას, ეს იმ კამპანიის ნაწილია, რასაც მუდმივად ვხვდებით. საქართველოში ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ეწეოდნენ პროპაგანდას და დღემდე ასეა. როდესაც რამე ხდება, ცდილობენ, კრიტიკის საგნად გამოიყენონ. თუკი საღ კრიტიკასთან გვექნებოდა საქმე, გარკვეული სისუსტის აღნიშვნა მისაღები იქნებოდა ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ, როდესაც სუფთა პროპაგანდისტული მექანიზმი გვაქვს, იქ სიმართლის ნაწილის პოვნა ძალიან ძნელი ხდება ხოლმე. ეს უფრო პროპაგანდაა, ვიდრე კრიტიკის პროცესი. ამ შემთხვევაში ჩვენ კრიტიკასთან კი არა, დისკრედიტაციის პროცესთან გვაქვს საქმე.
– საზოგადოების ნაწილმა ამ შემთხვევასა და პატრიარქის იუბილეს შორის პარალელი გაავლო…

– რა თქმა უნდა, არანაირი პარალელის გავლება არ შეიძლება. თავად პარალელია არაადეკვატური მიდგომა. ასე, წერეთელსაც ბოლო წლებში უზარმაზარ იუბილეებს უხდიდნენ. ზოგადად, მსოფლიოშიც არსებობს პრაქტიკა, რომ ერი გამორჩეულ ადამიანებს პატივს სცემს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს იშვიათი შემთხვევაა. ასეთი ღონისძიებები რაც შეიძლება ხშირად უნდა იმართებოდეს. ეს არის გარკვეული წრეებისთვის პოპულიზმი, რომ მათ სადღაც-სადღაც თავი მოიწონონ. აქ არ არის ფართო სპექტრზე საუბარი. ისინი ცდილობენ, რაღაც კონკრეტულ ჯგუფში მოახდინონ ამით პოზიციონირება. ერთ-ერთი შემთხვევა იყო რატი ამაღლობელთან დაკავშირებით. ეს ადამიანი საკმაოდ საინტერესო შემოქმედია. ის არცთუ კარგი გამოხატულებით, შეიძლება ითქვას, თავის თავს უშლის ხელს. მან გამოიყენა გააქტუალურების ერთ-ერთი მექანიზმი, ის ისედაც არის პირველ რიგებში და ამით უკან არ გადაინაცვლებს, მაგრამ ეს არ არის კარგი და ეფექტური მეთოდი. მან საზოგადოებას საბჭოურ-კომუნისტური აღქმისკენ მოუწოდა. ესეც ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ავტორის პოზიცია მკითხველისთვის განსჯის საგანი ხდება. მით უმეტეს, თუ ეს სოციალური ან პოლიტიკური ტიპის ნაწარმოებია. ამ შემთხვევაში ჩვენ სწორედ ამასთან გვქონდა საქმე. ნებისმიერ შემოქმედს აქვს სრული უფლება, ეთიკისა და კანონის დაცვით, არსებული საზღვრების დაცვით, წეროს რაც უნდა, ტაბუდადებული თემა არ არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, საზოგადოებასაც აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია.

– თუმცა იგივე რატი ამაღლობელი საკმაოდ შეურაცხმყოფელი და მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა… ეს კიდევ მეორე უკიდურესობად ხომ არ მიგაჩნიათ?

– პოზიციის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ პოზიცია, კრიტიკის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ კრიტიკა, მათ შორის, გამოხატვის უფლების ყველაზე უკიდურესი ფორმითაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ, ბუნებრივია, ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ძალადობრივი უკუკავშირი, ეს არის ცალსახად მიუღებელი. დანარჩენ შემთხვევაში, ის, რასაც გამოხატვის თავისუფლებისა და უფლების ფარგლებში ჯდება, თუნდაც მიუღებელი, მაგრამ უკიდურესი ვარიანტითაც შეიძლება დაუპირისპირდე ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ მხოლოდ შეფასებითი პოზიციების გამოხატვის ფორმით. პიროვნების უსაფრთხოების შებღალვის მოწოდება, იგივე ძალადობა, ცალსახად მიუღებელია. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ერთმანეთის დაცვა. უნდა შევეცადოთ, რომ პოზიცია ძალადობის გარეშე გამოვხატოთ.

 

ავტორი: მზეკო ჟვანია

წყარო: http://primetimenews.ge/

Use Facebook to Comment on this Post

“პოზიციის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ პოზიცია, კრიტიკის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო მხოლოდ კრიტიკა” Reviewed by on . გასულ კვირას თბილისში, მეტროსადგურ „დელისთან“ 67 წლის იური მაღლაკელიძე გარდაიცვალა. მომხდარმა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გავრ გასულ კვირას თბილისში, მეტროსადგურ „დელისთან“ 67 წლის იური მაღლაკელიძე გარდაიცვალა. მომხდარმა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გავრ Rating: 0
scroll to top