Monday , 22 April 2019

უახლესი ამბები
Home » მედია » მედიის თავისუფლების საქართველოს ინდექსი და მისი გამომწვევი მიზეზები

მედიის თავისუფლების საქართველოს ინდექსი და მისი გამომწვევი მიზეზები

by: Category: მედია, მედიაკომუნიკაციები, მიმართულებები, სლაიდერი Comments Off on მედიის თავისუფლების საქართველოს ინდექსი და მისი გამომწვევი მიზეზები

get_imgსაქართველო 180 ქვეყანას შორის 84 ადგილზეა პრესის თავისუფლების ინდექსში. სპეციალისტები საუბრობენ, რამდენად რეალურია ამგვარი კვლევები და რამდენად მართლზომიერია მოცემული მაჩვენებელი.

თავისთავად, ძნელია ამგვარი კვლევების სრულ ობიექტურობაზე საუბარი, რამდენადაც თანამედროვე საზოგადოებაში მსგავსი კვლევები არა იმდენად პროცესების შემფასებლად გვევლინება, როგორც სამომავლო აქტივობების წინაპირობად.

ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სტანდარტები შესაძლოა ზოგჯერ ხელოვნურადაც იყოს მორგებული და მათი ხერხებით არა იმდენად მედიის პროფესიულ სტანდარტებზე მიმდინარეობდეს მუშაობა, არამედ სრულ საზოგადოებრივ პროცესებზე. ვგულისხმობ, არა მხოლოდ მედიის პროფესიული მოღვაწეობის სტანდარტიზაციას, არამედ სრული საზოგადოებრივი პროცესისაც, რომლის წარმმართველად საქართველოში უფრო მოჩანს მედია, ვიდრე ამსახველად.
ცხადია, საერთო მთლიანობა მედიაგარემოსი რომ შევაფასოთ, სამამულო წარმოება გარკვეულ პროგრესსაც განიცდის და გარკვეულ შეფერხებებსაც. პროგრესის ძირითადი წილი პოლიტიკური წნეხის შესუსტებასა და საზოგადოებრივი პროცესების ნაწილისადმი საზოგადოების გარკვეული შემგუებლობა ან თანხმობა მოდის, ხოლო შეფერხებებში ძირითადად მედია ბაზრის კრიზისი და კომერციული მედიის არაკომერციული ხასიათით განპირობებული დამატებითი ორიენტირები ისახება. იგულისხმება, რომ საქართველო არაა იმდენად მოცულობითი ბაზარი, რომ მედიის კომერციალიზაცია ეფექტურად მოხდეს, ამდენად, მედია, ხშირ შემთხვევებში იძულებულია იმუშაოს წაგებაზე, მაგრამ ამ სხვაობის შემვსებად კონკრეტულ მოღვაწეთა თუ ჯგუფთა პოლიტიკური თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი ინტერესები იკვეთება. მარტივად რომ ვთქვათ, მედიაორგანიზაციების მფლობელები მედიას პირადი ინტერესების საწარმოებლად უფრო იყენებენ, ვიდრე ბიზნესის მართვის სახეობას.

ეს გარემოებები ქმნიან როგორც პოზიტიურ ტენდენციებს, ისევე ნეგატიურს და ამდენად ადგილი სადღაც მეორე ნახევარში ადეკვატურადაც მოჩანს მედიის თავისუფლების წილში.

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს უსწრებს სომხეთის მაჩვენებელი, რომელიც 78-ე ადგილზეა. ამ ფაქტმა ზოგიერთი ექსპერტის გაკვირვება გამოიწვია. სპეციალისტების გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ მაჩვენებლის მიხედვით, სომხეთში უფრო თავისუფალი აღმოჩნდა მედია, ვიდრე საქართველოში. მსურს შევნიშნო, რომ მედიის თავისუფლების ინდექსი უფრო რთული ფორმულით ითვლება, ვიდრე ჩვენს საზოგადოების წევრებსა და ზოგიერთ სპეციალისტსაც ჰგონია. მკვლევარები გამოჰყოფენ, როგორც პოლიტიკურ თუ სახელისუფლებო ზეწოლის ან თავისუფლების მაჩვენებელს, ასევე მედიის მხრიდან მოვლენათა აღქმის არჩევანს, მათ განსხვავებულობას, მედიის მაჯისცემას ასე ვთქვათ, სიძულვილის ენიდან დაწყებული მოვლენათა შეფასებით დასრულებული. ამდენად, გასაღები ამ განსხვავებაში აქ უნდა ვეძიოთ.

კვლევის ჩამტარებელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოსა და სომხეთში არჩევნები, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით მშვიდად ჩატარდა – ორივეგან იშვიათი იყო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. პროგრესი იყო სახელმწიფო მაუწყებლების მუშაობაში, მიუკერძოებლობის თვალსაზრისით, ამდენად ეს მაჩვენებელი საერთოა, თუმცა, ამას გარდა გამოჰყოფენ საზოგადოებრივი შრეების ურთიერთდამოკიდებულებას, მაგალითად გამოწვევების გარკვეულ დონეს, სოციალურ პოლარიზაციას, სარედაქციო ჯგუფების დამოუკიდებლობას.

თანამედროვე მედიაგარემოს სტანდარტში შემავალი კომპონენტები შეიძლება საკამათოდაც მოჩანდეს, თუმცა, ფაქტია, რომ ინდექსის გამოთვლას მოცემული ორგანიზაცია წარმოდგენილი კრიტერიუმებით ახდენს. მაგალითად, იოან ბირის განცხადებით „2013 წელს რუსეთში შემზღუდავი კანონების მთელი კასკადი შემოიღეს, რამაც შეავიწროვა ინფორმაციის თავისუფლების ასპარეზი. მაგალითად, გამოიყენება ტრადიციული ღირებულებები – ასე იყო, როცა მოხდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კრიმინალიზაცია ან როცა აიკრძალა ღვთისგმობა. რუსეთში ჟურნალისტებს მათი საქმიანობის გამო აკავებენ“.

შესაბამისად, მოცემული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებრივ პროცესებზე, საკითხები, რომელიც გარკვეულ სივრცეებში ზედმეტი უხეშობით არაა წამოწეული ან საზოგადოება, სადაც შიდა კონფლიქტების გამოწვევა ვერ ხერხდება, არ ახასიათებს მრავალფეროვნება, შიდა საზოგადოებრივი კონფლიქტური კერები და ა.შ. მასში მედიაც, როგორც ამსახველი შეზღუდვის პირობებში ვერ იქნება. ასევე ისეთ სივრცეში, სადაც არსებობს საზოგადოებრივი ცნობიერების მაღალი დონე ნაციონალურ ღირებულებებთან მიმართებაში და პროფესიული საქმიანობაც ცნობიერების მაღალ სტანდარტებზეა აწყობილი, ბუნებრივია მედია მეტ თავისუფლების გარემოშია, რადგან მედიამწარმოებლების ნებელობაც შესაბამისად არ ხდება წინააღმდეგობრივი.

მე მტკიცებით ვერ განვაცხადებ სომხეთს რომელი მახასიათებლები აქვს უფრო წინწაწეული, რაც მედიაგარემოსაც უფრო წინწაწეულს ხდის, თუმცა, რაკიღა პოლიტიკური მაჩვენებლები და სახელისუფლებო ზეწოლის მაჩვენებლები იქაც უფრო შესუსტებულია, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ამდენად მედიის თავისუფლების წინაპირობები მათ საზოგადოებრივ პროცესებში უნდა ვეძიოთ. ვფიქრობ, ამის მაგალითად გამოდგება ძირითადი საზოგადოებრივი ერთიანობა და შიდა ინტეგრირებულობის მაღალი მაჩვენებლები გამოდგეს, სომხეთის საზოგადოება უფრო სტაბილური და შეთანხმებულია ნაციონალურ მახასიათებლებთან მიმართებაში, იქ რთულია ფეხი მოიკიდოს ხელოვნურად შეტანილმა შეხედულებებმა, რის გამოც საზოგადოებრივი კონფლიტები ნაკლებია, შესაბამისად, მედიაც ნაკლებად პოლარიზებულია, ნაკლებად იქმნება ფონი სიძულვილის გამოხატვისაც, მედიაწარმომადგენელი იქნება თუ სხვა პროფესიის მატარებელნი, მათში პატრიოტიზმისა მაღალი დონე და კოსმოპოლიტიზმის დაბალი მაჩვენებელია, ასევე მაღალია თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის მაჩვენებელი, გამოწვევების გამკლავება უფრო პრაგმატულად ხდება და ადგილობრივ საზოგადოებას ის პრობლემები არ გააჩნია.

რაც ჩვენს საზოგადოებაში ხდება, სადაც მიუღებლობისა და თვითმყოფადობის სერიოზული დეფიციტია. რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში მედია მოვლენების ამსახველი ნაკლებადაა და უფრო მოვლენების წინაპირობებს ქმნის, საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახება მედიაშიც, რომელიც მთავარი წარმმართველია საზოგადოებრივი პროცესებისა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად მედიის პოლარიზაცია სახელდება. როგორ გავიაზროთ „პოლარიზაცია“ ? პოლარიზაცია, ეს არის შეხედულებათა ზედმეტად ანტაგონისტური და რადიკალური სისტემა, რომელთა შედარებითი ანალიზიც კი არ გვაძლევს პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ცხადია, რომ არ არსებობს რეალობა, რომელსაც ყველა თანაბრად აღიქვამს, მაგრამ შეხედულებათა და გამოხატულებათა შორის ზედმეტი რადიკალიზმია. პოლარიზაცია ჩვენი საზოგადოების მთავარი მახასიათებელია, უკიდურესობა გვაქვს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, დაწყებული პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიებით, გაგრძელებული საზოგადოებრივი პროცესების შეფასებებით. ჩვენს საზოგადოებას თვითმყოფადობა გვაკლია, რაც ურთიერთწინააღმდეგობრივს გვხდის თითქმის ყველა საკითხთან მიმართებაში.

სახელმწიფოს ლიდერებს ჯერ რადიკალური პოზიტიურობით ვხვდებით, შემდეგ კი რადიკალური ნეგატივით უარვყოფთ; უკიდურესობა გვაქვს ცხოვრების წესის საკითხებზეც, უმცირესობები არ აღიარებენ უმრავლესობის ფასეულობებს და თითქმის ყოველ ნაბიჯზე ახდენენ უმრავლესობის ფასეულობების დისკრედიტაციას, ასევეა პირიქით, უმრავლესობა არ აღიარებს უმცირესობებს, მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს და ა.შ. პრაქტიკულად მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევებში გვაქვს გარკვეული შეთანხმებითი პოზიციები, ისინ ნეგატიურ საზომში, რაიმეს ან ვინმეს წინააღმდეგ და არა მხარდამჭერად და ა.შ.

მედია კი როგორც ვთქვით, ამ პროცესების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმმართველია, რა დისკურსიც მედიას შემოაქვს საზოგადოებაში, ისე მიმდინარეობს საზოგადოებრივი პროცესები და შესაბამისად, მიეწოდება მასალა მედიასაც. ეს ყველაფერი კი იწვევს იმას, რომ მედიასაშუალებები ამათუ იმ ფლანგის წარმომადგენლები და ინსტრუმენტები ხდებიან და საზოგადოების სეგმენტები ერთმანეთს მედიაინსტრუმენტების უშუალო წარმართვითა და ჩართულობით ეომება. ამიტომაც ვხვდებით პოლარიზებულ მედიას, რადგან ისინი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკების ომის საშუალებები და ბრძოლის იარაღს წარმოადგენენ.
არჩილ გამზარდია
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი.
ანალიტიკოსი.
„საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

Use Facebook to Comment on this Post

მედიის თავისუფლების საქართველოს ინდექსი და მისი გამომწვევი მიზეზები Reviewed by on . საქართველო 180 ქვეყანას შორის 84 ადგილზეა პრესის თავისუფლების ინდექსში. სპეციალისტები საუბრობენ, რამდენად რეალურია ამგვარი კვლევები და რამდენად მართლზომიერია მო საქართველო 180 ქვეყანას შორის 84 ადგილზეა პრესის თავისუფლების ინდექსში. სპეციალისტები საუბრობენ, რამდენად რეალურია ამგვარი კვლევები და რამდენად მართლზომიერია მო Rating: 0
scroll to top