Monday , 22 April 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს

ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს

by: Category: პოლიტიკა, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს

d89c22071b.images.new_photo.SAERTO.ivanishvili_db5c6მალე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი დაიწყება. პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში აღარ არის, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. არსებობენ კადრები, რომელბზეც ბიძინა ივანიშვილი დიდ ფსონს დებდა, თუმცა მათ იმედები გაუცრუეს. ვინ და რატომ არის ივანიშვილის მთავარი იმედგაცრუება, ამაზე მსჯელობისთვის ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას მივმართეთ:

– თავისთავად, ის, რომ ვინმე ბიძინა ივანიშვილს იმედს უცრუებს, ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც განსაკუთრებული, თუმცა ამ ჩამონათვალს (ალასანია, მარგველაშვილი, ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი) მე მაინც მგონია, რომ სრულიად სხვადასხვა მოტივატორები გააჩნდათ. თან, როგორ გითხრათ, ვეჭვობ, ივანიშვილი ისეთი დამწყები იდეალისტი იყოს, რომ ადამიანებს ასე ადვილად ენდოს, მით უმეტეს, რომ მრავალი მათგანი სულ ორიოდე წელია გაიცნო და ბუნებრივია, არც საკმარისი დრო ექნებოდა მათ შესაცნობად იმ დონეზე, რომ ნდობა გასჩენოდა.

– საზოგადეობა, ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად ირაკლი ალასანიას მიიჩნევს.
– ყველაზე მარტივი ასახსნელი ალბათ,  ალასანიაა. ის ახალგაზრდა კაცია. “ქართული ოცნება” ეფექტურად გამოიყენა იმ კუთხით, რომ მას პოლიტიკური წარმატებები საქართველოში ბოლოს უკვე არ გააჩნდა და ამიტომაც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებამ მას საშუალება მისცა, კვლავ განახლებულიყო; გამოჩენილმა მატერიალურმა საშუალებებმა თუ ავტორიტეტზე ფიქსაციამ მას საზოგადოებაში პოლიტიკური პერსპექტივები დაუბრუნა და ამით, შეიძლება ითქვას, “ქართული ოცნების” შესაძლებლობები კარგადაც გამოიყენა. ირაკლი ალასანია ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ როგორც ჩანს, მისი თვითშეფასება და ბიძინა ივანიშვილის მის მიმართ შეფასება ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა. ამას ალბათ, უფრო მეტი სიმწვავე მისცა ალასანიას არჩევნების დროინდელმა მარცხმა და ამის მიუხედავად, მისმა გამოხატულმა ინტერესებმა პრეზიდენტობასთან დაკავშირებით.

ალასანიას ინტერესებს ივანიშვილმა რეალიზაციის საშუალება არ მისცა, შესაბამისად, ალასანიასთვის საჭირო გახდა, რომ “ქართული ოცნება” აღექვა, როგორც დროებითი “პრომოუშენის” ეტაპი და შემდეგ გასულიყო მისგან საკუთარი თამაშის დასაწყებად. ეს, ცხადია, მისი სრული უფლება და წინსვლის ლოგიკური და ლეგალური ინტერესი იყო. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ წასასვლელად არც ისე იდეალური დრო და წინაპირობები შეარჩია, მით უმეტეს, რომ როგორც ჩანს, არც ის ჰქონდა გააზრებული, როგორ გაეგრძელებინა მომავალში მოღვაწეობა.
ვიტყოდი, რომ ალასანიამ მაინც იჩქარა და მიუხედავად ეფექტის მოხდენისა, მარტო თამაშისათვის მზად არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ მან წაიყოლა გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციებზე იყო წარმოდგენილი. დღეისათვის, ალასანიას გუნდი უფრო უსახურად მოჩანს, ვიდრე წინათ, თუმცა, ცხადია, პოლიტიკური თამაშებისა და იმიჯმეიკინგის შესაძლებლობები მას წინ აქვს.

– რა შეიძლება ითქვას პრეზიდენტ მარგველაშვილზე?
– რაც შეეხება მარგველაშვილს, აქ ცოტა მიჭირს მსჯელობა, ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტს მკაფიოდ არ აქვს საკუთარი პერსონაჟული მახასიათებლები. ის თავისგან აზრთა ლიდერს ქმნის და გარკვეულ ეპიზოდებში ეფექტურადაც გამოსდის. მისი დღევანდელი თვითრეალიზაცია გამოსვლები და შეფასებებია, რაც ხშირ შემთხვევაში პოზიტიურად ვლინდება. მარგველაშვილი პოლიტ-კორექტულია, ფრთხილი და მოზომილია შეფასებებში. ის აზროვნებს, სანამ რამეს ამბობს. ფრთხილობს განცხადებებში, რაც მის თავშეკავებას ბევრად უფრო მისაღებს ხდის, ვიდრე მისი წინამორბედის თავშეუკავებელ განცხადებებს. პრეზიდენტის მიზნები ძნელი ამოსაცნობია. პერიოდულად ის რაღაც ჟინიანი და შეუპოვარი ხდება, პერიოდულად – სრულიად გაუცხოებული საკუთარ სტატუსთან. მარგველაშვილის ფსიქოტიპი რთული პიროვნებაა, ასევე რთულ პიროვნებად მოჩანს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომაც არც ისე გასაკვირია მათი შეუთავსებლობა ერთმანეთთან.

– რა შეიძლება ითქვას სხვა სუბიექტებზე, რომლებმაც არა მარტო ივანიშვილს გაუცრუეს იმედები
– ამჯერად ორ ძირითად სუბიექტს შევეხეთ და ამ სუბიექტებთან დაკავშირებულ გუნდებს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის იმედგაცრუებებს თუ დავაკვირდებით, ცოტა სკეპტიკურ საზომებთან მივალთ. მისი აღმოჩენები მისი იმედგაცრუება ხდება, – სააკაშვილიდან დაწყებული ჯერჯერობით უკანასკნელი მოჰიკანებით, მარგველაშვილი-ალასანია-ხელისუფლება, შეიძლება მალე რესპუბლიკელებით დამთავრებული. ისეთი განცდა მრჩება, რომ ივანიშვილის ფავორიტობაც ადვილია და მისი იმედგაცრუებაც. ბიძინა ივანიშვილი ძიებაშია, მის გვერდით წლებია უკვე ადამიანები რეალითი შოუს პრინციპით ჩნდებიან, ქრებიან, იცვლებიან. ივანიშვილი ოლიგარქიული პრაგმატულობის მქონედაც მესახება და გამოუსწორებელ იდეალისტადაც. მიუხედავად მის გარშემო ადამიანთა ნაკადის შეუჩერებელი ცვლისა, ის ჯერჯერობით მარტოსულად მოჩანს მაინც, მარტოსულად თავის იდეალებთან თუ მისწრაფებებთან, თუ შეიძლება, თუნდაც კერძო ინტერესებთან მიმართებაში. ვინ იქნებიან ივანიშვილის მომავალი ფავორიტები და გახდებიან თუ არა ისინი შემდგომში ახალი იმედგაცრუების ობიექტები, ამას უკვე მომავალი აჩვენებს.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE

Use Facebook to Comment on this Post

ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს Reviewed by on . მალე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი დაიწყება. პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში აღარ არის, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას მ მალე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი დაიწყება. პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში აღარ არის, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას მ Rating: 0
scroll to top