Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » მედია » „თუ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედთან ასოციაცია შექმნა, გამართლებული არ იქნება“

„თუ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედთან ასოციაცია შექმნა, გამართლებული არ იქნება“

by: Category: მედია, მიმართულებები, პოლიტიკა, სლაიდერი Comments Off on „თუ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედთან ასოციაცია შექმნა, გამართლებული არ იქნება“

1tv 21.03.14 1 - Copyწინასაარჩევნო ციებ-ცხელება ძალაში შედის. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია მედია საშუალებების თუ კანდიდატების რეიტინგების დადგენა.

IRI-ს კვლევის შედეგებმა ამჯერადაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამდენად სანდოა კვლევის შედეგები, სწორად არის თუ არა შერჩეული შეკითხვები, არსებობს თუ არა გამოკითხვის შესაბამისი სტანდარტი, რამდენად მაღალია ამომრჩევლის ცნობიერების დონე, რა მსგავსებაა ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

– IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს შორის აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედის“ ორი გადაცემა – „ღია ეთერი“ და „პოლიტიკის დრო“, რომელიც კვლევის მომენტში ეთერში არ გადიოდა, რამდენად მართებულია კვლევებში მათი მონაწილეობა და სანდოობის კუთხით ორგანიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ აღმოჩნდება?

– თეორიულად შესაძლებელია, რომ გადაცემა ეთერში არ გადიოდეს, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესო გადაცემები მაყურებელს შეიძლება მეხსიერებაში ან პოზიტიურ იმიჯში ჰქონდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს შეკითხვის ფორმულირებას, რომ რესპონდენტმა მისთვის საინტერესო გადაცემა დაასახელოს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ზოგიერთი კვლევის დამოკიდებულება ზოგიერთი მედია გამოცემის მიმართ. არის შემთხვევები, როდესაც წამყვანი მედიასაშუალებები კვლევის პროცესში არ მონაწილეობენ. ამიტომ, სრულიად გაურკვეველია მაყურებლის, მკითხველის ან მსმენელის რეალური დამოკიდებულება. სამწუხაროდ, არ გვაქვს სტანდარტი და ფორმულა, რომლითაც შეფასდება მედია საშუალებების თანამონაწილეობა; რომელი მედიაპროდუქტი სარგებლობს მაყურებლის სიმპათიით ან მომენტალური ნახვადობით. ხშირად კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოხატული მოსაზრებებითაა შერჩეული კონკრეტული მედიასაშუალება. ამიტომ, ჩნდება შეკითხვებიც, რაც სრულიად ლეგალურია. შესაძლოა, კვლევა მაღალ დონეზე ჩატარებულიც იყო, მაგრამ ამდენი შეკითხვის გაჩენა მოითხოვს, კვლევითმა ორგანიზაციებმა მეტი გამჭვირვალობა გამოიჩინონ. მით უმეტესს, რომ ამას ებმის მედიასაშუალების იმიჯი, სარეკლამო დაკვეთები და ა.შ. რიგითი მოსახლისთვის ამგვარი დეტალები გაურკვეველია. რაც შეეხება სპეციალისტების დონეს, აქ ოინბაზობაა ჩადებული. ნებისმიერი კვლევითი ორგანიზაცია ყოველთვის დებს ისეთ მონაცემებს, რომლის ნაწილი აწყობს როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას. ვინმეს პრეტენზია თუ აქვს კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის მიმართ, მაშინ უნდა შექმნას ბაზარი, რომელიც კონკურენციას გაუწევს.

– კვლევების მიხედვით, მმართველი გუნდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის დავით ნარმანიას რეიტინგი საკმაოდ დაბალია, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს..

– გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხულები თავს იკავებენ პასუხებისგან, ზოგს პოზიცია არ გააჩნია, ამას ემატება ცთომილებაც, საერთო ჯამში ეს არ ქმნის ისეთ ფონს, რომ პირდაპირი მოცემულობა ავიღოთ კვლევითი შედეგის მიხედვით. კვლევის შედეგბმა აჩვენა, რომ შესაძლებელია მეორე ტური გაიმართოს. ვფიქრობ, პოზიტიური საზომია საზოგადოებისგან თუ ეს კვლევა ამ ნაწილში რეალისტურია. რადგან კანდიდატებს საშუალებას აძლევს მეტად მოიწადინონ და მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა.

– აზრთა სხვადასხვაობაა მერის თბილისელობასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერი თბილისელი უნდა იყოს, თქვენ რას გვეტყვით ამაზე?

– საინტერესოა, ეს შეკითხვა პირდაპირ დასმული იყო თუ უბრალოდ გამოკითხვის რეჟიმში ფორმულირებული. დღემდე უცნაური ფორმატით ჩნდება შეკითხვა – ვინ არის თბილისელი და თბილისელებისთვის საჭირო მერი? თუკი თბილისელად ითვლება ადამიანი, რომელსაც ჩაწერა ან თბილისში სახლი აქვს, ვეჭვობ ამ შემთხვევაში ეს შედეგი დადებულიყო. ვფიქრობ, ცოტა პროვოკაციული მაჩვენებელია. საინტერესოა გამოკითხულთა რაოდენობა, კატეგორიაც. ჩემი შთაბეჭდილებით ეს არის გარკვეული ჯგუფების ინიციატივები. რაც ამ პროცესს ცოტა დამაბნეველს ხდის. ზოგადად, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. მათ შორის საზოგადოებისაც, რადგან საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში ნებისმიერი სანტიმეტრი ეკუთვნის. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა არ ცნობს უპირატესობას არც ეროვნული ნიშნით, არც მრწამსით და დაბადების ადგილით. ეთნიკური უმცირესობის წრმომადგენელი ისევე შეიძლება იყოს ზუგდიდის მერი, როგორც სარწმუნოებრივი უმცირესობის წევრი თბილისის მერი. ამიტომ, ეს პროვოკაცია კვლევის განხილვას მეტ აზარტს მატებს.

– შეიძლება ითქვას, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, პრემიერ ნარმანიასთან ერთად სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა, იყო დაპირებები ანაკლიის პორტის გახსნაზეც, ზოგიერთმა პარალელებიც კი გაავლო წინა ხელისუფლებასთან, გვახსოვს ლაზიკასთან დაკავშირებული დაპირებებიც.

– თვალსაჩინოებისთვის ამას პროპაგანდისტული კომუნიკაცია ვუწოდოთ. ეს არ არის პიარ პროცესი, როდესაც ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა, საქმე გვაქვს პროპაგანდასთან. კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებს ამ შემთხვევაში პოტენციურ ამომრჩეველს პირდაპირ გადასცემენ ინფორმაციას, რომლის გავლენის ქვეშაც ეს სამიზნე ჯგუფი უნდა მოხვდეს. როგორც სპეციალისტთვის ეს „ივენთი“, რაც ვნახე, გასაგებია, მაგრამ მოქალაქეობრივად მისაღები არ არის. პროცესი პროგრამული უნდა იყოს და არა შოუ. ამის გამო ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას. ამგვარი ხერხები საზოგადოებაზე ეფექტურად მოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიუღებელი, როცა ძალიან გამაღიზიანებელი ხდება. იგივე სააკაშვილის მაგალითი გავიხსენოთ, კარგი ფანტაზიით აწყობილი ამგვარი ღონისძიებები თავდაპირველად საზოგადოებისთვის საკმაოდ მომხიბვლელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში, როცა მის მიმართ ნეგატიური ტალღა გაიზარდა, გამაღიზიანებელი გახდა. თუ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედთან ასოციაცია შექმნა, მაინცდამაინც გამართლებული და დადებითი არ იქნება. საზოგადოებასთან გულწრფელობის წარმოსაჩენად უამრავი ფორმა არსებობს.

– მიგაჩნიათ, რომ პრემიერის სამეგრელოს საზოგადოებასთან შეხვედრის პირდაპირ ეთერში გასვლის აუცილებლობა არ იყო?

– თუკი იქ არ უნდა გაჟღერებულიყო ისეთი განცხადება, რომელიც იმსახურებდა სპეციალურ ღია ეთერს და მე რაც ვნახე, ამის საჭიროება არ იყო. პირიქით. მთლიანად შოუს პროცესი იყო, დაწყებული ტექნიკური ფორმიდან – დადიანების სახლ-მუზეუმი ფონად, პრომეთეს მღვიმის მსგავსი, რაც სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ, ბათუმში, სადაც უკან გედები სეირნობდნენ, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა უკან შვლებს ერბინათ, მაგრამ ეტყობა არ მოიწადინეს. ფორმაზე უფრო მეტი აქცენტი იყო გაკეთებული, ვიდრე შინაარსზე.

– წინასაარჩევნოდ მედიის მუშაობას როგორ შეაფასებთ?

– საერთო ფონი ისეთი კრიტიკული არ არის, რომ ნეგატიურად შევაფასოთ. პირდაპირი მხარდამჭერები მაინცდამაინც არ ჩანს. შეიძლება გარკვეული ტენდენციები ვიპოვოთ იგივე „რუსთავი 2“-ის მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატთან და ზოგიერთი სხვა მედია საშუალებების ნარმანიასთან მიმართებაში. თუმცა, ეს არ არის ტოტალური და ზედმეტად პროპაგანდისტული. წელს მედიას წნეხი ოდნავ მოეხსნა. რაც დადებითია. თუმცა, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ მედია თავისუფალია, წნეხის ქვეშ არ არის და ტენდენციურობის მოტივაცია არ აქვს. მეორე მომენტია, არ გვყავს უპირობო კანდიდატები. ყველა კი აცხადებს, რომ უპირობოა, მაგრამ ასე არ არის. ამ მხრივ კვლევა საინტერესო იყო, მან არ დადო უპირობო გარანტიები. ამიტომ, ნებისმიერი კანდიდატის ბრძოლას აზრი მიეცა. მედია მხარდაჭერა ზედმეტად, რომ მოხდეს, ეს აუცილებლად აირეკლება საზოგადოების თვალში. ამიტომ, მედიაც ცდილობს უფრო ფრთხილად მიაწოდოს, თუნდაც თავისი სუბიექტურობა მომხმარებელს.

– კვლევების შედეგებს მივუბრუნდები, რეიტინგულია „იმედის“ გადაცემა „რეაქცია“. ამ მხრივ შეფასებები არაერთგვაროვანია, „რუსთავი2“-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გრიგოლიას გადაცემა შოუა და შინაარსობრივ მხარეზე ნაკლებად ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია – შოუ თუ გადაცემის შინაარსი?

– ზოგადად, ქართულ გადაცემებში შინაარსობრივ ეფექტებს ვერ ვხედავ. პერსპექტივასაც ვერ ვგრძნობ, რადგან ამისთვის მაყურებელიც არ არის მომზადებული. მაყურებელი დინამიკას, მოქნილობას ითხოვს. ბუნებრივია, ამგვარი გადაცემები უფრო ეფექტურია. წამყვანები ცდილობენ ისეთი პოზიციები გამოხატონ, რაც მათ იმიჯს შექმნის. როგორც კი დებატების ნაწილი ჩნდება, ყველა გადაცემა ერთმანეთს ემსგავსება. თავის მხრივ, რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ მაყურებლისთვის ეს მისაღებია, რადგან რამდენიმე საათი ამ გადაცემას უყურებს. ლოგიკურია, გადაცემა, რომელშიც ბევრი რესურსია ჩადებული, მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოების ჩართულობა წარმოადგინოს. ვფიქრობ, საკმარისად კარგი წილები აქვს ყველა გადაცემას დროის მონაკვეთში – „პრაიმტაიმში“, თუნდაც, სარეკლამო დამკვეთებზე პოზიტიური გავლენა უნდა იქონიოს.

– არაერთი არჩევნები გამოვიარეთ, ხელისუფლებაც შეიცვალა, მაგრამ საჯარო სამსახურში დასაქმება კვლავ პრობლემად დარჩა. კვალიფიციური კადრების გადინება ხდება, ამასთან, დასაქმების მსურველებისთვის საჯარო სამსახურების კარები დაკეტილია.

– ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. საჯარო სექტორის დაინტერესება ახალი კადრებით, მხოლოდ სპეციალისტებზე აგებული რესურსის გადანაწილებით ჩანს, რომ არ გვაქვს. ამიტომ, საჯარო სექტორი ჯერჯერობით ვერაფერში წაიწია წინ. ყველა თავის გუნდთან ერთად არის იმის გამო, რომ სახელმწიფოს თანხება იხარჯება და მონიტორინგი იმდენად მკაცრი არ არის, როგორც კერძო ორგანიზაციაში. ამიტომ ნეპოტიზმის შესაძლებლობები იდეურად უფრო მაღალია. 600 და 700 ლარი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტისთვის მაღალი ხელფასი არ არის. კერძო კომპანიაში საშუალო რანგის მენეჯერის ყოველთვიური შემოსავალი გაცილებით მაღალია. ბუნებრივია, ეს ერთი მხრივ, პროფესიონალებს გზას უბლოკავს და მეორე მხრივ, სივრცეს აძლევს რესურსები მხოლოდ შიდა წყაროებიდან მოიძიონ.

 

სალომე გოგოხია, ჟურნალი PRIME TIME  N263

Use Facebook to Comment on this Post

„თუ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედთან ასოციაცია შექმნა, გამართლებული არ იქნება“ Reviewed by on . წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ძალაში შედის. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია მედია საშუალებების თუ კანდიდატების რეიტინგების დადგენა. IRI-ს კვლევის შედეგებმა ამ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ძალაში შედის. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია მედია საშუალებების თუ კანდიდატების რეიტინგების დადგენა. IRI-ს კვლევის შედეგებმა ამ Rating: 0
scroll to top