ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ „პირWელს“ პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას განუცხადა.
„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკებსა და შეფასებებს, განსაკუთრებული სიახლე არ შემიმჩნევია იმაში, რომ დროდადრო ის კრიტიკულ და შესაფერ შეფასებებს გამოხატავს აღმასრულებლების მიმართ. არა მხოლოდ ის, მთლიანად „რესპუბლიკური პარტია“ ამ მხრივ მოწადინებულია. დავით უსუფაშვილი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უფრო ადეკვატური პირია საპარლამენტი სივრცეში და მას ადეკვატური შეფასებები ახასიათებს, როგორც მხარდაჭერის, ასევე კრიტიკულობის კუთხით“, – აღნიშნა გამზარდიამ.
რაც შეეხება კითხვას, თუ სად შეიძლება ვიხილოთ უახლოეს მომავალში „რესპუბლიკური პარტია“ მისი წევრების ბოლო პერიოდის განცხადებების გათვალისწინებით, გამზარდიამ უპასუხა, რომ ეს ვითარებაზე დამოკიდებული.

ამასთან, გამზარდიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გემი ჯერჯერობით არც ისე წამგებიან მდგომარეობაშია, რომ მისი დატოვება „რესპუბლიკელებმა“ ეფექტურად გამოიყენონ.
„უახლოეს ხანებში „რესპუბლიკელების“ მხრიდან კოალიციის დატოვებას არ ვვარაუდობ, თუ მათ რაღაც განსაკუთრებულად მომგებიანი პირობები არ გამოუჩნდათ სხვა შესაძლებლობებში“, – აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ შსს-ს დებულებით, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ არის მიღებული, შსს არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გამსამხედროებული სამართალადამცავი დაწესებულებების სისტემა. „თუ მეტყვით, რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი შსს, მაშინ გავჩერდები“, – აღნიშნა მან. უსუფაშვილმა განცხადება პროკურატურის მისამართითაც გააკეთა. მისი თქმით, „ვიღაცა გონიერმა პროკურორმა მოძებნა მიზეზი და საბაბი იმისა, რომ საქმეზე (გიგი უგულავას) ვადის გაგრძელების საფუძველი შეიქმნას. „მაფარებენ თვალზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაწერილ ფრაზას, რომელიც მოსამართლეს არ დასიზმრებია, რომელიც პროკურორმა მიუტანა იქ, როგორც რაღაციდან გამოსავალი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ლიკა კასრაძე
წყარო: http://pia.ge/