Tuesday , 19 November 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » გამზარდია ამბობს, რომ ილიაუნიდან ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის გაუშვეს

გამზარდია ამბობს, რომ ილიაუნიდან ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის გაუშვეს

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი, სტუდენტური Comments Off on გამზარდია ამბობს, რომ ილიაუნიდან ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის გაუშვეს

me jkljk“ეს ყველაფერი ჩემს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება”

პიარსპეციალისტი არჩილ გამზარდია პოლიტიურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტიდან მას განსხვავებული პოზიციისა და გადაცემა “2030”-ში მუშაობის გამო ათავისუფლებენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელიც გამზარდიასთან 9 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, მომავალი სემესტრისათვის ლექტორს ხელშეკრულებას აღარ უფორმებს.

როგორც გამზარდია ამბობს, მის შევიწროებას ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის დაწყების შემდეგ ცდილობენ – ჯერ საათები შეუმცირეს, საგნები გაუუქმეს, სემესტრის დასასულს კი სტუდენტებთან გამომშვიდობება მოუწევს.

მისი მტკიცებით, ამ ყველაფრის მიზეზი შეუძლებელია სხვა რამ იყოს, რადგან ყველა მაჩვენებლით წარმატებული ლექტორია და სტუდენტების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

არჩილ გამზარდია: ილიას უნივერსიტეტში 2007 წლიდან ვმუშაობ. ბიზნესსკოლაში მოწვეული ლექტორი ვიყავი და ხელშეკრულება ყოველ სემესტრში ახლდებოდა. მოკლედ, უკვე მეცხრე წელია, 17 სემესტრი, ამ სასწავლებელთან უწყვეტად ვთანამშრომლობ. სხვადასხვა დროს ლექციებს ვკითხულობდი როგორც ბაკალავრიატის სტუდენტებთან, ისე მაგისტრებთან. სულ ხუთ საგანს ვასწავლიდი.სანამ ილიაუნიში ლექტორი გიგი თევზაძე იყო და სანამ ჩვენს ფაკულტეტზე დეკანი შეიცვლებოდა, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ლექტორებისათვის სამუშაოდ ყველანაირი პირობა შეექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს გამოვხატავდი, პრობლემა არასოდეს შემქმნია. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ უფრო მეტი მემუშავა და თავისუფალ აკადემიურ გარემოში ვთანამშრომლობდით.

ეს ყველაფერი მიმდინარე შემოდგომამდე გაგრძელდა.

მოგეხსენებათ, წელს გადაცემა “2030”-თან ვთანამშრომლობდი, მერე წამოვედი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მოწადინებით, ვასილ მაღლაფერიძემ კონსულტანტობა შემომთავაზა და მრჩევლად დავრჩი. შემოდგომის დასაწყისში კი, როცა ახალი სემესტრი უნდა დაგვეგეგმა და ჩვეულებრივი, ტექნიკური სამუშაოები ჩაგვეტარებინა, აღმოჩნდა, რომ ილიაუნიში სიახლეები იყო.

იმ ხუთი საგნიდან, რომელსაც მე ვკითხულობდი, სამი პროგრამული განაცხადიდან ამოღებული დამხვდა, ერთი კი – პიარი, რომელიც ჩემი ძირითადი საგანი იყო და რომლის სპეციალისტადაც ვარ ცნობილი, სხვა ლექტორისათვის იყო შეთავაზებული. დარჩენილ ერთ საგანშიც დატვირთვა განახევრებული და ისიც მხოლოდ შემოდგომის სემესტრზე იყო გათვლილი.

“რ”: რა იყო ამის მიზეზი?

ა.გ: ამის მიზეზი არ არსებობდა. ვერავინ იტყოდა, რომ მე ჩემს საქმეს უპასუხისმგებლოდ ვეკიდებოდი, რომელიმე ლექცია არაკვალიფიციურად ჩავატარე, ან არასახარბიელო შედეგი მქონდა. ყოველთვის მაღალი შედეგი მქონდა, სტუდენტების გამოკითხვითაც ლექტორებში ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი, ყველა გამოკითხვაში დადებითი შეფასება მქონდა.

ვერც იმას იტყვიან, რომ ლექციაზე სხვა საქმიანობას ან პოლიტიკურ პროპაგანდას ვეწეოდი. ყველამ იცის, რომ სასწავლო პროცესზე ვარ ორიენტირებული. მოკლედ, არანაირი წინაპირობა არ არსებობდა საიმისოდ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში არ გაგრძელებულიყო და ის, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, უცებ შეცვლილიყო.

დეკანთან შეხვედრამდე პროტესტი არ გამომიხატავს. ჩვენი ახალი დეკანი ნინო პატარაიაა, რომელსაც ამ ყველაფერზე ვესაუბრე და პასუხად მითხრა, რომ მას ეს არ ეხება, რომ მისი საქმე არაა და ეს თემა არ აინტერესებს. მიუხედავად ამისა, თანამშრომლობა შევთავაზე და ვუთხარი, რომ ილიაუნი ჩემთვის განსაკუთრებულად ახლობელი და საყვარელი გარემოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლექტორი ვარ და მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოვხატე. თუმცა დეკანი არც ამით დაინტერესებულა. ჩემთვის მისი პოზიცია უკვე გასაგები იყო.

ოფიციალურად, ეს ყველაფერი შეფუთულია როგორც პროგრამის მეთოდური ცვლილება, რომელიც ხარიისხის სამსახურისგანაა ინიცირებული. ხარისხის სამსახურს კი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, როცა არ არსებობს მიზეზი და არგუმენტი იმისა, თუ რატომ აღარ თანამშრომლობს ლექტორთან უნივერსიტეტი, ყველაფერი ეჭქვეშ დგება.

“რ”: რას უკავშირებთ თქვენ?

ა.გ: დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი ჩემს პოლიტიკურ აქტივობასა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას უკავშირდება. ჩემთან მიმართებაში დამოკიდებულება სწორედ ამ ყველაფრის მერე შეიცვალა.

როცა ეს ხმამაღლა ვთქვი, მიპასუხეს, რომ უნივერსიტეტში მუშაობენ ადამიანები, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები კრიტიკას საჯაროდ არ გამოხატავენ და საკუთარი მოსაზრებებით ხალხისათვის არ არიან ცნობილნი.

“რ”: ანუ, მომავალი სემესტრიდან ილიას უნივერსიტეტში საერთოდ აღარ ასწავლით?

ა.გ: მომავალი სემესტრისათვის არ არსებობს წინაპირობა, რაზეც შეიძლება შეთავაზება გაკეთდეს და ხელშეკრულება დაიდოს. როგორც ვთქვი, იმ ხუთი საგნიდან, რომელსაც მე ვკითხულობდი, ერთიღა დამიტოვეს და ისიც გამინახევრეს და თანაც, შემოდგომის სემესტრისაა. სხვათაშორის, ისიც ვიკითხე, მომავალი წლის შემოდგომაზე მაინც თუ მომეცემოდა ისევ ამ საგნის წაკითხვის საშუალება, მაგრამ პასუხი ვერც ამაზე მივიღე. შესაბამისად, ხელშეკრულება ვერ გაგრძელდება.

“რ”: ვინმესგან ახსნა-განმარტება არ მიგიღიათ და მიზეზები თქვენთვის არავის აუხსნია?

ა.გ: არა, არანაირი. როცა ვიკითხე, თუ რატომ ამოიღეს ჩემი საგნები, ან ჩემი ერთი საგანი – პიარი სხვა ლექტორს რატომ შესთავაზეს, რომელიც სხვა მიმართულებას ასწავლის, პასუხი ვერ მივიღე. დეკანმა მითხრა, რომ მას ეს არ ეხება და ვერ ერკვევა.

არადა, მოწვეულ ლექტორებთან ურთიერთობა სწორედ მას ეხება და ინტერესიც უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, როცა დიდი ხნის ლექტორი გთავაზობს თანამშრომლობას.

ბოლო პერიოდში ილიაუნიში წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა მუშაობს. ასეთები ადრეც ბევრი იყო, მაგრამ ლიბერალური გარემო გვქონდა. ახლა კი გარემო მკვეთრად შეიცვალა. ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ემზადებიან და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც თავიანთ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ, ითხოვენ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნაა.

“რ”: ვის ინტერესში შედის თქვენი აზრით ეს?

ა.გ: ამას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ვუკავშირებ, რომლებიც ილიას უნივერსიტეტში არიან. საქვეყნოდ ცნობილია, რომ მათდამი კრიტიკას გამოვხატავ. როგორც ზემოთ ვთქვი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხარისხის სამსახურის უფროსია, აქ არიან გაბაშვილი, ქადაგიძე და ა.შ. ზოგი ადმინისტრაციაშია, ზოგი ლექტორია. ამიტომ მე აქ თეთრი ყვავივით ვარ. შესაბამისად, ერთადერთი ვერსია რჩება – იმ ადამიანების პირადი დამოკიდებულება, რომლებიც “ნაცმოძრაობის” კრიტიკის გამო ჩემში ოპონენტს ხედავენ.

“რ”: როგორც სოციალური ქსელებიდან ჩანს, სტუდენტები საკმაოდ აქტიურად გიჭერენ მხარს და თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენების გამო პროტესტს გამოთქვამენ.

ა.ჩ: სტუდენტებს ძალიან ვუფრთხილდები. მეშინია, მათ მიმართაც არ განახორციელონ დევნა და არ გამოარჩიონ. ამიტომ, ვეუბნები, რომ მაქსიმალურად მშვიდად იყვნენ და ეს პროცესი ისე გადავაგოროთ. გამორჩეულ მხარდაჭერას ის სტუდენტები გამოხატავენ, რომლებმაც ჩემი საგანი უკვე გაიარეს.

წინა რექტორის პირობებში, რომელსაც მე არ ვიცნობ და პირველად შარშან შევხვდი, სტუდენტების აზრს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ბოლო პერიოდში კი მათი აზრი უკვე აღარაა საინტერესო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ ძალისხმევას შედეგი არ ექნება. არ მინდა მათ ინერვიულონ, ჩემ გამო დაიძაბონ და რაიმე საშიშროება შეექმნათ. დაზღვეული ვერ იქნებიან.

 

ავტორი: თაკო მათეშვილი

წყარო: გაზეთი “რეზონანსი”

Use Facebook to Comment on this Post

გამზარდია ამბობს, რომ ილიაუნიდან ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის გაუშვეს Reviewed by on . "ეს ყველაფერი ჩემს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება" პიარსპეციალისტი არჩილ გამზარდია პოლიტიურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტიდან მას განსხვავე "ეს ყველაფერი ჩემს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება" პიარსპეციალისტი არჩილ გამზარდია პოლიტიურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტიდან მას განსხვავე Rating: 0
scroll to top