Monday , 9 December 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიების პერსპექტივები

აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიების პერსპექტივები

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიების პერსპექტივები

post-29-1403437728მას შემდეგ, რაც რუსეთმა „აფხაზეთთან“ სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება დადო, ქართულ სივრცეში ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების პერსპექტივა კიდევ უფრო შორს გადაიდო, ცხადია, უფრო შორს არა, ვიდრე 2008-ში, მაგრამ ჯამში რუსეთმა, როგორც კონფლიქტის მხარემ თავი მეტად გამოავლინა და მარტივი ლოგიკით მოახდინა პოზიციონირება მსოფლიოსთან, მოინდომებთ რომელიმე ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას და უკვე სახელადაც მე გამოვალ მეორე მხარესო. არც აქ არის სიახლეები, რადგან პოსტსაბჭოური კონფლიქტების მეორე მხარეს ისედაც რუსეთი იდგა, თუმცა, ამ მხრივ, რუსეთი აქამდე შენიღბულ იერს ატარებდა, უფრო სწორად, თავად ეგონა, რომ ინიღბებოდა ხან ადგილობრივი „მებრძოლების“ (მაგ. „აფხაზების“, „ოსების“, „უკრაინაში მცხოვრები მოსახლეების“) სახით, ხან ე.წ. მშვიდობისმყოფელის სახით. 2008 წელმა რუსეთს ნიღაბი კიდევ უფრო ჩამოხადა  2014 წლის უკრაინამ კიდევ უფრო მეტად. ამიტომაც, ჯამში რუსეთმა დაინახა რა, რომ მსოფლიო ვერ სულელდებოდა, პირდაპირ შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა, სწორედ ამგვარი მსოფლიოს მიმართ გამოწვევად შეგვიძლია ჩავთვალოთ ე.წ. „რუსულ-აფხაზური“ ხელშეკრულება. რუსეთის მხრიდან ეს აქტი მიმართულია არა საქართველოს, არამედ მსოფლიოს მიმართ, სწორედ ამიტომაც მოჰყვა აქტს საერთაშორისო საზოგადოების მყისიერი კრიტიკული რეაქცია, იგრძნეს რა გადმოგდებული ხელთათმანი მათი მიმართულებით.

სანამ იმპერიულ რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს  შორის პროცესები კიდევ უფრო ხელშესახები გახდება, ჩვენ, საქართველო არსებული ფაქტებისა და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების მორიგი გამოწვევის წინაშე დავდექით.

news_27629რა პერსპექტივები დარჩა ან გააჩნია დანარჩენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში? აქვს აზრი თუ არა დამატებით ძალისხმევას საქართველოს მხრიდან? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჯერჯერობით იყოს წყლის ნაყვა, საქართველომ არა ზოგადი ტენდენციების დონეზე, არამედ პროგრამული ფორმით უნდა შესთავაზოს აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოების ნაწილს (ცხადია, სრული საზოგადოება სამიზნე ჯგუფად გათვლილი ვერ იქნება, მითუმეტეს ხელისუფლება) კონკრეტული  წინადადებები.

მსოფლიოსთან ერთად საქართველომ უნდა მიმართოს ძალისხმევას, საერთაშორისო საზოგადოების სახელით აფხაზეთმა მიიღოს ხელშესახები დაპირებები, რომ საქართველოსთან ერთიან ჭრილში აფხაზეთში მიიღებენ მეტ უსაფრთხოებას, მეტ ფინანსურ დახმარებებს – ასეა თუ ისე, რუსეთი მსგავს დაპირებებს კონკრეტულ თვლად ერთეულებში, კონკრეტულ ციფრებში სთავაზობს; შეეთავაზოს აფხაზეთს პროგრამული ხედვა ძალიან კონკრეტულ საკითხებზე და ა.შ. რათა ამ ყველაფერს საზოგადოების ნაწილმა შიგნით, აფხაზეთში გარკვეული ძვრები მოაყოლონ;

ფაქტია, რომ როდესაც მათ აქვთ არჩევანი დანარჩენი საქართველოს ხელისუფლებებისგან  გარკვეულ პათეტიურ მიდგომებსა და კონკრეტული წინადადებები რუსეთის მხრიდან, ისინი ყოფით და თავიანთთვის ლოგიკურ არჩევანს აკეთებენ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად დეტალურ და თვლად ერთეულებზე უნდა იყოს დაყვანილი და ისე წარმოდგენილი აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის მიმართ. საქართველოს ხელისუფლების მოწადინებით და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, საერთაშორისო საზოგადოებისგან უნდა წამოვიდეს მეტი კონკრეტული მესიჯი, განსაკუთრებით იმ ქვეყნების თანამონაწილეობით, რომლებსაც ჩვენთან დადებითი და ახლო ურთიერთობები გააჩნიათ, რათა ეს ყველაფერი მეტ თვლად საზომში იქნას გადატანილი.

მაგ. სთავაზობს რუსეთი 5 მილიარდ მანეთს, შესთავაზოთ ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად მეტი, მით უმეტეს, რომ საქართველო წლებია მათ სთავაზობს საკმაოდ ფართო ავტონომიას, სადაც მთელი რიგი უფლებები გააჩნიათ. პირობითად ამ ყველაფერს შეგვიძლია მივცეთ ფორმა საქართველოსთან განახლებული ხელშეკრულების პირობებში, რომლის სტატუსსაც შესაბამისი სპეციალისტები დაადგენენ. საერთო ჯამში ამ ყველაფერმა უნდა მიიღოს დეტალური შეთავაზებების მთელი წყება – დაწყებული მათი ეთნოიდენტობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებიდან (ენა, სკოლები, წახალისებები და ა.შ.), გაგრძელებული მათი ყოველდღიური საჭიროებებით (ვაჭრობა, კარიერა, შემოსავლები, და ა.შ.), რათა ამ მსჯელობას მეტი დეტალიზაციის საშუალება ჰქონდეს.

ცხადია, რომ მოქალაქეების ინტერესების კუთხით, ისინი ეძებენ თვითრეალიზაციას საკუთარ ფასეულობებზე დაყრდნობით და სწორედ ეს ფორმულა უნდა იყოს აღებული იმ პროგრამის შედგენაში, რაც მათ უნდა შეეთავაზოთ. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ დღემდე მათ უფრო ზოგად, ამორფულ ან პათეტიურ მიდგომებს ვთავაზობთ, სადაც მათი ნდობის მაჩვენებელიც დაბალია და მათთვის კონკრეტულად საინტერესო წინადადებები. ჩვენი ბუნდოვანი შეთავაზებების სანაცვლოდ კი რუსეთი მათ კონკრეტულ თვლად და გაზომვად წინადადებებს სთავაზობს. საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა გამოვიდნენ მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტად, ოღონდ მხოლოდ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო საქართველო ამ ყველაფერთან ერთად გამოვიდეს როგორც კონკრეტული ვალდებულებების ამღები სუბიექტი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერჯერობით ამ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს კვლავ წყლის ნაყვის ეფექტი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტიაში შეიძლება გააჩინოს შანსი, რომ აფხაზეთში ამ წინადადებებზე მოფიქრალი და მომუშავე შიდა დინებები მოჰყვეს. აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი კონკრეტულ პირობებსა და წინადადებებს შორის, არჩევანსაც ამ ორს შორის აკეთებს და არა პათოსსა და რიცხვებს შორის. მსგავსმა შესაძლებლობებმა სამომავლოდ შეიძლება გარკვეული ეფექტის პერსპექტივა შექმნას. სადღაციდან უნდა დავიწყოთ, სხვა მხრივ ჩვენ სრულიად უსუსურები ვართ არა მხოლოდ ახლა, არამედ 90-იანი წლების შემდეგ.

 

არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი

Use Facebook to Comment on this Post

აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიების პერსპექტივები Reviewed by on . მას შემდეგ, რაც რუსეთმა „აფხაზეთთან“ სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება დადო, ქართულ სივრცეში ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების პერსპექტივა კიდევ უფრო შორს გადაიდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა „აფხაზეთთან“ სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება დადო, ქართულ სივრცეში ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების პერსპექტივა კიდევ უფრო შორს გადაიდ Rating: 0
scroll to top