Saturday , 17 August 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » არჩილ გამზარდია: პარტია “ქართული ოცნება” არჩევნებზე კოალიციაზე მეტ ხმას მიიღებს

არჩილ გამზარდია: პარტია “ქართული ოცნება” არჩევნებზე კოალიციაზე მეტ ხმას მიიღებს

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on არჩილ გამზარდია: პარტია “ქართული ოცნება” არჩევნებზე კოალიციაზე მეტ ხმას მიიღებს

a1459280939საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კოალიციის შესაძლო დაშლას მიესალმება და ამბობს, რომ ეს პარტიებისთვისაც, ამომრჩევლისთვისაც და ქვეყნისთვისაც ბევრად უფრო მომგებიანი იქნება.

მისი თქმით, კოალიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთს ხმებს აკარგვინებენ, რადგან მათი იდეოლოგია და ღირებულებები რადიკალურად განსხვავებულია და ერთი პარტიის მხარდამჭერისათვის მეორე პარტია მიუღებელია.

სწორედ ამიტომ, გამზარდია მიიჩნევს, რომ თუკი პარტიები არჩევნებზე ცალ-ცალკე წარდგებიან, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასაც მეტად მოახერხებენ და თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე დათმობაზე წასვლაც აღარ მოუწევთ.

არჩილ გამზარდია: “რესპუბლიკელები” ახლა რომ გასულიყვნენ კოალიციიდან, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ბევრ ისეთ პრობლემას წარმოშობდა, რაზეც გონიერი პარტია არ წავიდოდა და სწორად მოიქცნენ, რომ გადადეს.

რაც შეეხება იმას, რომ თუკი “რესპუბლიკელები” გავლენ, კოალიცია დაიშლება, ამას პირადად მე, როგორც მოქალაქე და როგორც სპეციალისტი, ძალიან დადებითად ვუყურებ.

კოალიციის შექმნას თავისი მიზნები აქვს. ეს მიზანი 2012 წელს არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება იყო, შემდგომ კი მდგრადობის შენარჩუნება. ახლა არჩევნებზე კოალიციურად გასვლის საჭიროება არ დგას, მით უმეტეს, რომ შიგნით ძალიან ბევრი დაპირისპირებაა.

პოტენციური ამომრჩეველიც გაურკვევლობაშია. მაგალითად, ვიღაცას მოსწონს “რესპუბლიკური პარტია” და უნდა მას ხმა მისცეს, მაგრამ არ მოსწონს “მრეწველები”. ამით ის ფერხდება, რადგან გამოდის, რომ “რესპუბლიკელებისთვის” ხმის მიცემით იგი “მრეწველებსაც” აძლევს ხმას. იმავენაირ სიტუაციაში არიან “მრეწველთა” ამომრჩევლებიც. ეს ყველაფერი კი მათში აქტივობის ხარისხსა და მოტივაციას ამცირებს. შესაძლოა მან სხვა არჩევანზეც კი დაიწყოს ფიქრი.

ასე რომ, ბევრად უფრო გონივრული იქნება, თუკი პარტიები არჩევნებზე ცალ-ცალკე წარდგებიან. ჩვენც გვეცოდინება, თუ ვის ვაძლევთ ხმას და ვისი ამომრჩევლები ვართ. თავად პარტიებისთვისაც სჯობს ნელ-ნელა გარისკონ და საზოგადოებასთან უკეთესი მუშაობა ისწავლონ. სიტუაციას, როცა პარტიები იძულებულები არიან სხვა პარტიებთან თანამშრომლობის გამო თავისუფლება შეიკვეცონ და დათმობებზე წავიდნენ, ბევრად სჯობს ისინი მარტო და თავისუფლები იყვნენ.

ასე რომ, პრაქტიკულად ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც შეიძლება კოალიცია ამ სახით საინტერესო იყოს ამომრჩევლისთვის, ქვეყნისა და თუნდაც თავად პარტიებისათვის.

“რეზონანსი”: რა ელით “რესპუბლიკელებს”, თუკი კოალიციიდან გავლენ?

ა.გ: თუკი “რესპუბლიკელები” კოალიციიდან გავლენ, ამით ისინი საკუთარ თავს საკმაოდ კარგ პერსპექტივას მისცემენ. მით უმეტეს, რომ ისინი უკვე იყვნენ და არიან ხელისუფლებაში, გავლენის დიდი სფერო აქვთ და საშუალება ჰქონდათ საზოგადოებასთან მეტი ემუშავათ.

ასე რომ, მათ გადასარევი შესაძლებლობა ეძლევათ, არჩევნებზე დამოუკიდებლად საკმაოდ კარგი ეფექტით გავიდნენ. იმავეს ვფიქრობ სხვა პარტიებზეც. თუმცა, არა იმათზე, რომელთაც 1-2 ადამიანი წარმოაგდენს.

“რ”: თქვენი აზრით, კოალიციის დაშლის შემთხვევაში, რომელიმე პარტია არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს?

ა.გ: კოალიცია ამ სახით რომ გავიდეს არჩევნებში, უფრო დაკარგავს ხმებს. ის, ვისაც ერთი პარტია მოსწონს, კოალიციას მეორე პარტიის ჯიბრზე არ აძლევს ხმას. ცალ-ცალკე ბევრად მეტი შანსი აქვთ საკუთარ ამომრჩეველზე, კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე იმუშაონ.

მაგალითად “რესპუბლიკელებს”, ჩემი აზრით, პარლამენტში გასვლის შანსი აქვთ, თუკი ეფექტურად იმუშავებენ. რამდენჯერ უნდა წამოაძახონ, რომ სხვის საფარქვეშ არიან? ეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და დახვეწელი პარტიაა და მუდმივი წამოძახების რეჟიმში რატომ უნდა იყვნენ? პროფესიული თავმოყვარეობაც ხომ არსებობს.

დომინანტ ძალას, პარტია “ქართულ ოცნებას” რაც შეეხება, ის ბევრად უფრო ჩამოყალიბდება და ბევრად მეტი შანსიც ექნება. დიდი ალბათობით, ის პარლამენტში უმრავლესობითაც შევა.

“რ”: პარტია “ქართული ოცნების” წევრები დარწმუნებული არიან, რომ ის რეიტინგი, რაც კოალიციას აქვს, მათი დამსახურებაა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ა.გ: კი, ასეა. მათ თვითწარმოდგენას ვეთანხმები. ამომრჩეველი კოალიციას ხედავს, როგორც “ქართულ ოცნებას”. საერთო ჯამში, კოალიცია “ქართული ოცნების” ამომრჩეველი პარტია “ქართული ოცნების” ამომრჩეველია.

დღეს “ქართული ოცნება” პარტიულად ძალიან დაულაგებელია. ეს რომ მოაგვარონ, პარლამენტში ეფექტურად გავლენ. ახლა წარმატების მიღწევის მეტი შანსია, რადგან ოქტომბრის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ალბათობით იმის ნახევარ მანდატებსაც ვერ მიიღებს, რაც დღეს აქვს. მათზე მანდატების საკმაოდ დიდი წილი მოდის. კარგად ვიცით, როგორ მიიღეს ეს წილი 2012 წლის არჩევნებზე. ოქტომბრიდან კი, სავარაუდოდ იმის მესამედი დოზით იქნებიან პარლამენტში, ვიდრე ახლა არიან. ეს მათი მაქსიმუმია.

ასე რომ, ადგილები მათ ხარჯზე აუცილებლად გამოთავისუფლდება და ოპოზიციურ ფლანგზე საკმაოდ დიდი სივრცე დარჩება. შესაბამისად, პარლამენტში უფრო მეტი პარტია შევა. “ქართული ოცნების” ხარჯზეც გამოთავისუფლდება პარლამენტში ადგილები, მაგრამ არც ისე ბევრი.

“რ”: ანუ, პარტია “ქართული ოცნება” კოალიციის დაშლის შემთხვევაშიც კი გაიმარჯვებს?

ა.გ: “ქართულ ოცნებას” საკუთარი ამომრჩევლის დათრგუნვა კარგად ეხერხება. ზოგჯერ ისეთ უგუნურებას აკეთებენ, რომ ეს ეფექტურად გამოსდით. ასე რომ, თუკი “ოცნებამ” საკუთარი საქმის გაფუჭება ძალიან არ მოინდომა, პარლამენტში სრული უმრავლესობით შესვლის პერსპექტივა აქვს.

ამომრჩეველს ერთი საყურადღებო თავისებურება ახასიათებს – ძალიანაც რომ მოინდომოთ, “ქართული ოცნებით” კმაყოფილ ადამიანს ვერ იპოვით, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ადამიანები, ვინც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ და იმედგაცრუებულები არიან, საარჩევნო სიასთან რომ დადგებიან, დიდი ალბათობით ხმას მაინც “ოცნებას” მისცემენ.

“რ”: ცუდსა და უარესს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება?

ა.გ: კი, ასეა. სამწუხაროდ, ისევ ამ რეჟიმში ვცხოვრობთ – არჩევანს ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ. ევროპასა და ამერიკაში პარტიები ამომრჩევლის წინაშე საკუთარი უპირატესობებით გამოდიან და ამით ცდილობენ, თავი მოაწონონ, ხალხს აჩვენებენ, თუ რითი სჯობიან სხვებს.

ჩვენთან კი საარჩევნო ტექნოლოგია ძირითადად კონკურენტების დისკრედიტაციაზეა აგებული – პარტიები ხალხს იმას აჩვენებენ, რომ სხვა მათზე უფრო უარესია. არჩევნებს კი ის იგებს, ვინც უფრო ნაკლებად უარესი გამოჩნდება. ეს ძალიან სამწუხარო და არასასურველი პროცესია. განუვითარებლობაზე მეტყველებს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.

“რ”: ბევრი ფიქრობს, რომ კოალიცია ან უნდა დაიშალოს ან არჩევნებამდე მაინც ამაზე საუბარი შეწყვიტონ, რადგან ეს ხალხში არასტაბილურობის განცდას აჩენს. ეს მოხერხდება?

ა.გ: შეუძლებელია, მასზე საუბარს წერტილი დაესვას. ვერ დაუსვამენ წერტილს, რადგან კოალიციაში არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. რაც არ უნდა მოხდეს, ხიდაშელი და ბერძენიშვილი თოფაძეს არ გადაეხვევიან. ეს წარმოუდგენელია.

ამიტომაც ვამბობ, რომ შესაძლოა კოალიციამ ერთად უფრო ნაკლები ხმა მიიღოს, ვიდრე ცალკე პარტია “ქართულმა ოცნებამ”. ერთად ყოფნით პარტიები ერთმანეთს ხმებს აკარგვინებენ. ამას კი ოპოზიცია სათავისოდ გამოიყენებს. ისინი ხალხს ეუბნებიან, რომ ეს კოალიცია მხოლოდ არჩევნებში გასამარჯვებლად არსებობს და არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაიშლებიან და ეს ახლა უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე 2012 წელს, როცა იმავეს ამბობდნენ.

 

წყარო: გაზეთი “რეზონანსი” 30.03.16

ავტორი: თიკო ოსმანოვა

Use Facebook to Comment on this Post

არჩილ გამზარდია: პარტია “ქართული ოცნება” არჩევნებზე კოალიციაზე მეტ ხმას მიიღებს Reviewed by on . საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კოალიციის შესაძლო დაშლას მიესალმება და ამბობს, რომ ეს პარტიებისთვისაც, ამომრჩევლისთვისაც და ქვ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კოალიციის შესაძლო დაშლას მიესალმება და ამბობს, რომ ეს პარტიებისთვისაც, ამომრჩევლისთვისაც და ქვ Rating: 0
scroll to top