Friday , 22 February 2019

უახლესი ამბები
Home » თავისუფალი კომუნიკაცია » აპოლიტიკური პოლიტიკა და ქართულ პოლიტიკის კულტურის უკულტურობა

აპოლიტიკური პოლიტიკა და ქართულ პოლიტიკის კულტურის უკულტურობა

by: Category: თავისუფალი კომუნიკაცია, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on აპოლიტიკური პოლიტიკა და ქართულ პოლიტიკის კულტურის უკულტურობა

rezo cnobiladze2საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქართული საზოგადოება პოლიტიკური ბრძოლებისა და სისხლიანი დაპირისპირების არათუ მომსწრე, არამედ იარაღი გახდა. იმპერიის რღვევამ, ყველა თავმოყვარე ქვეყანაში სისხლისღვრა და დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ნომენკლატურული მმართველობის ქვეშ ნაცხოვრები ხალხის ერთ ნაწილს, კვლავ მისით არსებობა სურდა. ბრძოლებში გართული საზოგადოებრივი ბანაკების საფიქრალი ერთმანეთის ფიზიკური და მომავლის გეგმათა განადგურება იყო. ბუნებრივია იყო დანაკარგები, მაგრამ, ის ყველაზე მეტად მომავალს შეეხო. მათ გაანადგურეს, მოსპეს და მიწასთან გაასწორეს ისედაც მწირი მემკვიდრეობითი დანატოვარი. შეაჩერეს და ქვეყნიდან განდევნეს ეროვნული სიმდიდრე, განათლებული და ნიჭიერი ადამიანების სახით. ხელი უბიძგეს და უფსკრულში გადააგდეს პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, საკუთარი მომავალი. მათ ეს შეძლეს და ამით ამაყობენ. ახლა ჯერი მომავალზეა, ჩაწვება სამარეში თუ იმოძრავებს, რათა კვლავ იარსებოს და იამაყოს დავითის, თამარის, ლაშა-გიორგისა და ერეკლეს შთამომავლობის გაგამგრძელებელმა.

დღეს არსებული პრობლემები, რომლის შესახებ ყველა საუბრობს და რომლის მოგვარების ყველა გზა ხელისუფლებამდე მიდის, იმ პოლიტიკური ბრძოლების შედეგია, რომელმაც ქართულ საზოგადოებას, ჯერჯერობით, უმსხვრევი სტერეოტიპები ჩამოუყალიბა.  კითხვაზე „რა არის პოლიტიკა?“ პასუხი მარტივია: „პოლიტიკა ბინძური საქმეა და ის მე არ მეხება“, ან კიდევ, „პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე და არც მაინტერესებს“. იშვიათად, შეგხვდებათ პიროვნება, ვინც მშვიდად და გამოზომილად გიპასუხებთ, რომ „პოლიტიკა ეს არის მეცნიერება, რომელიც სახელმწიფოს მიზნების მიღწევის ხერხებს შეისწავლის, რომ ეს არის საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა“.

საზოგადოების ამგვარმა დამოკიდებულებამ შვა ქართული პოლიტიკის ფენომენი, რომელიც ხსნას არა ხალხში, არამედ ხორციელ მესიაში ხედავს. საარჩევნო პერიოდში ფასადური მესია, არჩევნებიდან რამდენიმე წელიწადში ეშმაკად მოევლინებათ ხოლმე და შემდეგ მისი განდევნის მრავალნაცად ხერხსა და ღონისძიებას მიმართავენ. თუკი უახლეს ისტორიას გადავხედავთ და დამოუკიდებლობის 23 წლიან პერიოდს განვიხილავთ, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის მმართველობით რეჟიმი მყარდებოდა. ეს ყოველივე ვერ მოხდებოდა, რომ არა „აპოლიტიკური“ ხალხის ძალისხმევა, რომ არა მათი მონდომება და პოლიტიკური ლაქების მიმართ შეუპოვრობა.

პოლიტიკის კულტურის ქართული ფენომენი მრავალმხრივ გამორჩეულია და მის უნიკალურობაზე  საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა, რამდენიმე, ძირითად საკითხს შევეხები.

პირველი, ეს არის უკინალური მმართველის, ლიდერის ძიება (ბელადის კულტი), რომელიც ხელის ერთი მოსმით დაამსხვრევს ყოველგვარ პრობლემას, დაასაქმებს საზოგადოებას, შექმნის ჯანდაცვის საუკეთესო სისტემას, ააყვავებს ეკონომიკას და ამას აუცილებლად სოფლის მეურნეობიდან დაიწყებს. (განათლების საკითხებს ორი-სამი კაცი თუ მოიკითხავს, მაგრამ დემოკრატია ხალხის მმართველობაა და უმრავლესობას ის არ აღელვებს).

მეორე, ქართული პოლიტიკა არ ცნობს და აღიარებს პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ქართული პოლიტიკა არ იმართება  იდეებისა და შეხედულებების ერთობლიობისგან, როგორც ეს მიღებულია,  იმ, დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში, საითაც ჩვენ მივისწრაფვით.

მესამე, ეს არის პოლიტიკური ნიჰილიზმი, რომელიც არჩევნების დღეს განსაკუთრებით შესამჩევი ხდება და პოლიტიკური რადიკალიზმი, რომელიც არჩევნების შემდგომი პროცესების განუყრელი ნაწილია. დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია და ზოგადად მის არსებობას ეჭვის ქვეშ აყენებს პროცესების იმგვარი განვითარება, როცა პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა მოთხოვნად მხოლოდ ერთ რაიმე რადიკალურს, უმეტესად თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ერთად და ცალ-ცალკე განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკურ ამინდსა და მის სტაბიულობას. თუმცა, ეს სამი ძირითადი საკითხი, ხელს უწყობს და უშლის პოლიტიკური პარტიის გამარჯვებას ან დამარცხებას. მახინჯი სისტემით გამარჯვება, მახინჯ მმართველობას განაპირობებს. ეს საკითხები კარგად ჩანს, XXI -ე საუჯუნის ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ.

პოლიტიკის კულტურის სისუსტეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში  პარტიების პროგრამები ისეთ დაპირებებს შეიცავენ, რომლებიც არ შეესაბამება მათ იდეოლოგიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში პრიორიტეტული იყო  დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები. ეს საკითხები პარტიის მემარცხენეობისკენ გადახრაზე მიგვითითებს, თუმცა რეალურად ნაციონალურ მოძრაობას მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების პრინციპები აქვს გაცხადებული. ასევე, ქართული პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანებმა, რამდენიმე თვის წინ შეიტყვეს, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი პოლიტიკური კოალიციის ერთ-ერთი პარტია „ქართული ოცნება“ სოციალისტური, მემარცხენე ცენტრისტული იდეების მატარებელია და სამომავლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.

პოლიტიკის კულტურის არათუ ხარისხს არამედ, ზოგადად მის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია, არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიშალა და ვერ მოახერხა ოპოზიციაში დარჩენა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შეცვალოს ეს ტენდენცია და ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალად დარჩეს.

პოლიტიკის კულტურისათვის აუცილებელია ხშირი დებატების გამართვა და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ ის ხალხის მიერ არის არჩეული და ხალზეა დამოკიდებული, რომ მათი ინტერესების დამცველია და პასუხისმგებელიც სწორედ მათ წინაშეა. პოლიტიკოსის საზოგადოებისგან გამიჯვნა პასუხისმგებლობისა და მოვლალეობის დავიწყების ტოლფასია, რაცას თავისი შედეგი აქვს, ის კი, რა თქმა უნდა, უარყოფითია.

თუმცა, პოლიტიკის კულტურას მხოლოდ პოლიტიკოსები არ ქმნიან და მისი შემქმელი მთლიანად საზოგადოებაა. პოლიტიკის კულტურის ხარისხი დამოკიდებულია ადამიანების განათლების დონეზე, მათ შეგრძნებაზე, რომ თითოეული ქუჩა, შენობა, მდინარე, ბაღი, გაშლილი მინდორი, ტყე და ზღვა მათ ეკუთვნით და მასზე ზრდუნვა ისეთივე აუცილებელია, როგორც ჩვილ ბავშვზე, რომელიც ჩვენი მომავალია და რომელზეც იმედებს ვამყარებთ.

 

რევაზ ცნობილაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Use Facebook to Comment on this Post

აპოლიტიკური პოლიტიკა და ქართულ პოლიტიკის კულტურის უკულტურობა Reviewed by on . საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქართული საზოგადოება პოლიტიკური ბრძოლებისა და სისხლიანი დაპირისპირების არათუ მომსწრე საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქართული საზოგადოება პოლიტიკური ბრძოლებისა და სისხლიანი დაპირისპირების არათუ მომსწრე Rating: 0
scroll to top